ავტორი:

"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ რყევის გამომწვევი განცხადებები ელჩმა არ უნდა აკეთოს" - ვოლსკი

"აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ რყევის გამომწვევი განცხადებები ელჩმა არ უნდა აკეთოს" - ვოლსკი

ნორმალურია, თუკი საწინააღმდეგო მოსაზრება გაგვაჩნია თუნდაც, ამერიკის ელჩისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მაგალითად, ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბდეს, ან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ - აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ რყევის გამომწვევი განცხადებები ელჩმა არ უნდა აკეთოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აზრთა სხვაობა არ უნდა მიიჩნეოდეს დასავლური კურსიდან გადახვევად.

ვოლსკი აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავის სტრატეგია ჩამოაყალიბა და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია იმისათვის, რათა „ფიზიკურად გადარჩეს“.

მისი თქმით, ამერიკაში აზრთა სხვადასხვაობა "ანომალიურ მოვლენად" არ მიიჩნევა.

„არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი პოლიტიკური დებატები, თუნდაც, საპირისპირო აზრების ჭიდილი. აშშ-ის ქვეყანაა, სადაც მე 10 წელი გავატარე ოფიციალურ პოსტზე მუშაობის პერიოდში და ასეთი დაპირისპირებები შიგნითაც არსებობს, ამერიკისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ მწვავე გადაძახილებია, მინახავს ეს მათ შორის მაღალი ტრიბუნებიდან გაერო-ში იქნება ეს თუ ვაშინგტონში, ასეთი პოლემიკა ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ეს არ უნდა მივიჩნიოთ ამერიკისთვის წარმოუდგენელ ანომალიად, ეს არ ნიშნავს დასავლური მიმართულებიდან გადახვევას, რამდენადაც სახელმწიფომ თავის სტრატეგია ჩამოაყალიბა და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია იმისათვის, რათა გადარჩეს ფიზიკურად და თავის ხალხი სამშვიდობოს გაიყვანოს. თუკი რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრება გაგვაჩნია თუნდაც, ამერიკის ელჩის მოსაზრებისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მაგალითად, ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბდეს, ან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ და რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ, ამას თუ რამით უპასუხებ, ეს ნორმალურია ამერიკელებისთვის, ყოველ შემთხვევაში და ვიღაცისთვის შეიძლება ნორმალური არ იყოს. მთავარია, მართალი იყო და შენს ქვეყანას ემსახურებოდე, რომ ამ პერიოდში მისი სამშვიდობოს გაყვანა უზრუნველყო. არ ვიცი, რა იგულისხმა კელი დეგნანმა, ეს პირველი განცხადება არ არის, თუნდაც კელი დეგნანისგან, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ანომალიურად, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს ამერიკელისთვის გასაკვირი არ არის. ასეთი დემოკრატიით ვითარდებოდა და მომავალშიც ამაზე იქნება აგებული აშშ-ის დემოკრატია.

თუკი მის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს პროცესი, როცა საზოგადოება დაუპირისპირდება მთავრობას, ან ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები არის გაყალბების წინაპირობა, ამის საპირისპირო აზრი შეიძლება ვინმეს გააჩნდეს, მათ შორის ირაკლი ზარქუას, რა ფორმით გამოხატავს ამას ეს ერთი საკითხია, მაგრამ შეხედულებათა დაპირისპირებაზე დასკვნები უნდა გამოიტანოს საზოგადოებამ და ეს გამოჩნდება არჩევნებზე, ვინ როგორ ფიქრობს და ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს",- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს „რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს“.

„ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომელიც აშშ- ის საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ორმხრივი ურთიერთობები მრავალ ათეულ წელს ითვლის და საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს მეგობრობა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არის ურყევი. მე არ ვიჩემებ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაკარგა იმისათვის, რომ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ დაპირდაპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს, ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის აშშ-მაც, რომ საიმედო დასაყრდენია საქართველო მისთვის და ამ საიმედო დასაყრდენის რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს ელჩმა, რაც არაერთხელ გავიგონეთ ელჩი კელი დეგნანისგან. თუმცა, ეს არ არის წარმოუდგენელი ანომალიური მოვლენა ამერიკული დემოკრატიისთვის, თუნდაც, ასეთი სიტყვიერი პოლემიკა, ხანდახან მწვავეც არ წარმოადგენს იმის გამოხატულებას, თუ საით მიდის საქართველოს საგარეო კურსი ამ ხელისუფლების პირობებში”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, კელი დეგნანს პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების თაობაზე ჰკითხეს, რაზეც ელჩის პასუხია, რომ პირადად არაფერს იღებს და მიიჩნევს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენენ. მისივე თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. „სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც“, - აღნიშნა ელჩმა.