ავტორი:

ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც არაერთხელ მოუწოდებდა დასავლეთის ქვეყნებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექციათ, სკანდალში აღმოჩნდა.

23 აგვისტოს ესტონურმა გამოცემა ERR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Stark Logistics, რომლის 24%-ს ესტონეთის პრემიერის ქმარი კრისტიან კრააგი ფლობს, რუსეთსა და ესტონეთს შორის ტვირთის გადაზიდვის საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანმა საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეს საქმე შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტები წერენ, კომპანიაში კვლავ არის რუსეთთან ლოჯისტიკის მენეჯერი, ხოლო Stark Logistics რუსეთში ტვირთის გადაზიდვას ისევ აგრძელებს.

კრააგმა ERR-ს განუცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთში ახალ ტვირთებს კი არ გზავნის, არამედ, ძველ კონტრაქტებს ასრულებს. მისი თქმით, მიწოდების ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არ არიან. კითხვაზე აპირებს თუ არა Stark Logistics რუსეთთან საქამიანობის დასრულებას, კრააგმა ასე უპასუხა:

  • "ჩვენ მხოლოდ ერთი ესტონელი კლიენტი გვყავს, რომელსაც ვეხმარებით ამჟამინდელი და საერთაშორისო სამართლის დაცვით, კანონიერი კონტრაქტები შეასრულოს რუსეთთან, ეს კომპანია AS Metaprint-ია. რუსეთში ტვირთის მიწოდების ახალი კლიენტების ძიება არ მიმდინარეობს“.

ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ მომხდარი უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის იმიჯზე.

"საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან ახსნა-განმარტებას ელოდება“, - განაცხადა კარისმა.

რამდენიმე დღეში კალასსაც მოუწია განცხადების გაკეთება. მისი თქმით, "წარმოდგენა არ აქვს ქმრის ბიზნესზე“ და ხაზი გაუსვა, რომ მას რუსი მომხმარებლები არ ჰყავს.

"კვლავ იმ აზრზე ვარ, რომ რუსეთთან ყველა სახის ვაჭრობა უნდა შეწყდეს, იქამდე, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გრძელდება. ჩემს ქმარს ლოჯისტიკურ კომპანიაში აქვს წილი. მან ახსნა, რომ ეს კომპანია ერთ ესტონელ კლიენტს ეხმარება, რომ თავის საწარმო საქმიანობა რუსეთში დაასრულოს. სხვა დანარჩენი შეკითხვები დაუსვით ამ კომპანიებს“, - განაცხადა პრემიერმა.

კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლის დეკემბრიდან იკავებს. მაისში მისმა "რეფორმების პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. კალასი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და ევროკავშირიდან ერთ-ერთი ინიციატორია, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

2022 წლის დეკემბერში Delfi-სთან საუბარში განაცხადა, რომ ესტონეთის სახელმწიფო კომპანიებსა და რუსეთს შორის არ უნდა იყოს არანაირი საქმიანი ურთიერთობა.

ავტორი: ანრი კურტანიძე