ავტორი:

კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს

კიმ ჩენ ინის ვნებანი - რაზე დგას მსოფლიოს ყველაზე დახურული ქვეყნის ეკონომიკა და რატომ იზრდება სანქციების მიუხედავად ქვეყნის მშპ: იდუმალი “მესამე სართული“, რომელიც ლიდერის ოჯახის ფულს განკარგავს

ჩრდილოეთ კორეის ვაჭრობა, ძირითადად მოწყვეტილია დანარჩენი მსოფლიოსგან. გლობალური სანქციების შედეგად კი ქვეყანა თითქმის გამოეთიშა მსხვილ სავაჭრო გარიგებებს, თუმცა ანალიზი ცხადყოფს, რომ განმარტოებული ქვეყნის სარაკეტო პროგრამის შესაჩერებლად სანქციები არ იყო ეფექტური.

უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ელიტა კვლავ ახერხებენ ფუფუნებაში ცხოვრებას. სახელმწიფოს "შეუქცევადი" ბირთვული მისიის დაფინანსება კი ისევ გრძელდება.

საინტერესოა, საიდან აქვს ჩრდილოეთ კორეას ფინანსები? ბრიტანულმა მედიამ რამდენიმე ხაზი გამოკვეთა:

სანქციების მიუხედავად მშპ იზრდება...

ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გაზომვის საუკეთესო გზა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გამოთვლაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აქვეყნებს თავის ეკონომიკურ ინფორმაციას, Trading Economics-ისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2020 წლის ბოლოსთვის 18 მლრდ დოლარი იყო და მოსალოდნელი იყო ყოველწლიური ზრდა.

Statista-ს მონაცემებით ჩრდილოეთ კორეის მშპ 2021 წელს 35,89 ტრილიონ სამხრეთ კორეულვონს შეადგენს, რაც დაახლოებით 27 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

tradingeconomics-ის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ ჩრდილოეთ კორეის მშპ 2023 წლის ბოლოს 21,24 მილიარდ აშშ დოლარი იქნება. 2025 წელს კი 29.57 მილიარდი აშშ დოლარი.

თავად ფაქტი, რომ უამრავი სანქციების მიუხედავად, ქვეყნის მშპ იზრდება, მიუთითებს ნაკლებ ეფექტურობაზე.

Reuters-ის ანალიზის მიიხედვით ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ძლიერდება. 2022 წელს ქვეყანამ 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. მათ შორის კი რეკორდული, 23 გაშვება განხორციელდა ერთ დღეში (2 ნოემბერი).

უფრო მეტიც, სახელმწიფომ საეჭვო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რაკეტამ შესაძლოა, ფრენა ვერ შეძლო, ეს მაინც აშკარა ნიშანია იმისა, რომ მათ ჩრდილოელ მეზობელს ახალი იარაღის ინვესტიციებისთვის ბიუჯეტი აქვს.

რაც შეეხება ექსპორტს, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მშპ იზრდება, კორეის ბანკის უახლესი მონაცემებით ექსპორტი და იმპორტი ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის დაცემული.

იარაღის გარიგებები რუსეთთან და სხვა…

როგორც ჩანს, იარაღის გარიგებები ჩრდილოეთ კორეის უახლესი მომგებიანი ვაჭრობაა. აშშ-ს სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, უკრაინასთან მიმდინარე ომისთვის, სახელმწიფომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო. ითვლება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მილიონობით რაკეტა და ჭურვი იყიდა ჩრდილოეთ კორისგან, რადგან დასავლეთის სანქციებმა სხვა სახელმწიფობთან ვაჭრობაში ხელი შეუშალა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Associated Press -ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან სავაჭრო კავშირი უარყო.

ნახშირის ექსპორტი...

ქვანახშირი ჩრდილოეთ კორეის მთავარი საექსპორტო ნედლეულია, რითიც წელიწადში 370 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

2021 წელს BBC-ს მიერ გამოკითხული ჩრდილოეთ კორეელი დეზერტირის, კიმ კუკ-სონის თქმით, იგი პასუხისმგებელი იყო იშვიათი ლითონებისა და ნახშირის გაყიდვაზე ქვეყნისთვის დამატებითი სახსრების მოსაზიდად. ის საქონელს მილიონობით დოლარად ყიდდა და ფულს ჩრდილოეთ კორეაში ჩემოდნით აბრუნებდა.

ამას გარდა ჩრდ. კორეამ მხოლოდ ქვანახშირით არ შეძლო ვაჭრობა აღმოსავლეთ აზიის მეზობლებთან. Financial Times-ის გამოძიების თანახმად, ჩრდილოეთ კორეას აქვს იატაკქვეშა ქსელი, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს ნავთობის კონტრაბანდა, განსაკუთრებით ჩინეთთან, ჰონგ კონგთან და მაკაოსთან.

ზღვის პროდუქტების ექსპორტი...

ჩრდილოეთ კორეა ცნობილია თავისი ფიჭვის სოკოთი მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა 2018 წელს სამხრეთ კორეის მთავრობას ორი ტონა სოკო აჩუქა, მაგრამ ასევე არის სხვა საკვები პროდუქტებიც, რომლებსაც ქვეყანა ექსპორტზე ახორციელებს შემოსავლის გაზრდის მიზნით. მაგალითად, მოლუსკებმა 2017 წელს 137 მილიონი აშშ დოლარი შემოიტანეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა პასუხისმგებელი იყო მოლუსკების მსოფლიო ექსპორტის 1,3%-ზე.

ჩრდ. კორეას ჩინეთში წელიწადში 2,69 მილიონი დოლარის ღირებულების გადამუშავებული თევზი გააქვს.

OEC-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთში 2020 წელს 44,1 მილიონი დოლარის ღირებულების ტექსტილის ექსპორტიც მოახდინა. 2021 წელს კი 56,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ აგზავნის თავის პროდუქტებს საზღვარგარეთ, არამედ გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და გახსნა რესტორნები სხვა ქვეყნებში. თავისი პოპულარული სამზარეულოსა და გართობის სტილის მონეტიზაციის სურვილით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გახსნა 100-ზე მეტი კაფე ჩინეთში, ტაილანდში, ვიეტნამში და ნიდერლანდებშიც კი. მათ კვების ობიექტებს ქვეყნის დედაქალაქის სახელი "პიონიანგი" უწოდეს.

ქსელი ცნობილია იმით, რომ იდუმალია და არსებობს შეზღუდვები იმ სპექტაკლების გადაღებაზე, რომლებსაც მიმტანები აწყობენ კლიენტებს შორის. დაწესებულებები დაკომპლექტებულია ჩრდილოეთ კორეელებით და მთელი მოგება პირდაპირ მთავრობას უბრუნდება. განაგრძეთ კითხვა