ავტორი:

რა რეაქციები მოჰყვა მედვედევის, ბჟანიასა და გაგლოევის შეხვედრას და რატომ ურჩევენ აფხაზები ბჟანიას "სტილის დახვეწას" - დეტალები და ფოტო, რომელიც ხუმრობის მიზეზი გახდა

რა რეაქციები მოჰყვა მედვედევის, ბჟანიასა და გაგლოევის შეხვედრას და რატომ ურჩევენ აფხაზები ბჟანიას "სტილის დახვეწას" - დეტალები და ფოტო, რომელიც  ხუმრობის მიზეზი გახდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ალან გაგლოევსა და სამედიცინო დაწესებულებიდან ახლად გამოწერილ ასლან ბჟანიას შეხვდა. მედვედევის თქმით, "ისინი მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში არიან". საუბარია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წლისთავზე, რომელიც მისივე თქმით, "მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა".

მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის”. ალან გაგლოევმა ასევე მადლობის სიტყვის შემდეგ, განაცხადა, რომ "2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება".

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ გაგლოევის მოსკოვში ვიზიტის საფუძველი გასაგებია - ფინანსურ დახმარებას, ან სულაც მიერთებას სთხოვდა, სანაცვლოდ კი, უკრაინაში მეომრების გაგზავნას დაჰპირდებოდა, რაც შეეხება ბჟანიას მედვედევთან ვიზიტს, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ "რუს მაღალჩინოსანს ურჩევნია ჩამოყალიბდეს - აფხაზეთს მათ მიერვე აღიარებულ ცალკე სუბიექტად მიიჩნევს, თუ რესეთის შემადგენელ ნაწილად".

"მე არ მაინტერესებს, რა სთხოვა გაგლოევმა მედვედევსა და რუსეთის ხელმძღვანელობას, მაგრამ საინტრესოა, რაზე ესაუბრა ჩვენი პრეზიდენტი... ჩვენს აღშფოთებაზე, მედვედევის ბრიყვულ განცხადებასთან დაკავშირებით, რუსი ტურისტები ირონიულად იღიმებოდნენ. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?!.

თან დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ, თან მართლა რუსეთის გუბერნიასავით გვექცევიან. ჩვენს რეაქციებს ცდიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედვედევმა დაიწყო და ზამთრის მოახლოებასთან, ანუ აფხაზეთში პრობლემების გამწვავებასთან ერთად, ასეთი შინაარსის განცხადებები იმატებს. საით მიჰყავთ ვითარება, გასაგებია", - წერს ადგილობრივი ლიკა ჯენია.

"აფხაზეთში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, არ არის დენი და წყალი, გაზი არც არასდროს ყოფილა. დღე არ გავა, რამდენიმე საათით უშუქოდ და უწყლოდ არ დავრჩეთ. ამიტომაც, სულ არ მიკვირს რუსების ირონია. იციან ჩვენი სუსტი წერტილი. რაც მთავარია, არც ჩვენს მთავარ მოკავშირეს გაუკეთებია რამე აფხაზეთის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, არც ერთი რეფორმა არ გატარებულა, პირიქით, დამოუკიდებელი საკანონმდებლო ბაზაც კი არ გვაქვს. პოლიტიკოსებს ორმაგი სტანდარტები აქვთ, ცალი ხელით დამოუკიდებლობას გვილოცავენ და ხელს გვართმევენ, მეორით, თავიანთ შემადგენლობაში მიგვათრევენ, მიწებს ისაკუთრებენ, ბიზნესებს იწყობენ. ჩვენ შორიდან ვუყურებთ და ქვეყნიდან გაგქცევას ვცდილობთ", - წერს ალან აჟიბა.

აფხაზმა ჟურნალისტმა, იზიდა ჭანიამ, სოციალური ქსელში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასლან ბჟანია ცხინვალის რეგიონის ყოფილ ე.წ. პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და რუს ბიზნესმენთან, საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, პაველ სემიონთან ერთად არის გადაღებული.

სემიონს აფხაზეთში გარკვეული ბიზნეს კავშირები აქვს, აფხაზების ნაწილი მის მიმართ ანტიპათით არის განწყობილი.

თუმცა, ამ შემთხვევაში, აფხაზების კრიტიკა ბჟანიას ჩაცმის სტილმა გამოიწვია. მათი თქმით, "პრეზიდენტს სტილისტი და მრჩეველი სჭირდება, რათა საბჭოთა სტილიდან გამოვიდეს".