ავტორი:

ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

"როგორც ცნობილია საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან იმყოფებოდა.