ავტორი:

"უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტულია" - გია ვოლსკი

"უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტულია" - გია ვოლსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტული რჩება და სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ პოზიციაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობა მაინც იმ მიმართულებით მიდის, რომ ხალხი სხვაა, ხელისუფლება სხვა და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.

აქვე, ვოლსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სამხედრო თვალსაზრისით პროგნოზის გაკეთება რთულია.

"რასაკვირველია, უკრაინა ისწრაფვის მოგებისკენ და ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, ისევე როგორც ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასეთი პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება, მითუმეტეს სამხედრო მიმართულებით ძალიან რთულია, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, რუსეთი არის ოკუპანტი და ამ ოკუპანტს ის ძალა უნდა გამოეცალოს ხელიდან, რომ გარკვეული ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშ ჰქონდეს. საკითხი რთულია განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვიყოთ იმ პოზიციაზე, რაც გვაქვს - რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური დაპირისპირება დაგვანგრევს. უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვუსურვებთ. ეს პოზიცია პრემიერმა, ხელისუფლებამ, პარტიის "ლიდერშიპმა“ არაერთხელ გამოხატა.

არის, ასევე, მეორე თემა, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიული გადაწყვეტილებების საშუალება არ აქვთ და ბელარუსი და საქართველო უნდა დადგეს თურმე ერთ სიბრტყეში, რაც უსამართლობის გარდა, საკმაოდ არაკორექტული პოლიტიკური განცხადებაა, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტარებისას, რასაკვირველია, ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს ჩვენი ინტერესი. საქართველო დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანაა, დემოკრატიული პრინციპები დაცულია ძალიან ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით. ასე რომ, საქართველოსთან მიმართებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადება კვლავ არაკორექტული რჩება და სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ პოზიციაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობა მაინც იმ მიმართულებით მიდის, რომ ხალხი სხვაა, ხელისუფლება სხვა და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ჩატარდება და ის გვიჩვენებს რეალურად ხალხი რა პოზიციაზე დგას - გვინდა ომი, დაძაბულობა, დაპირისპირება და ცეცხლის ალში გახვევა, როგორც ამას უკრაინის ზოგიერთი ხელისუფალი გვირჩევს, თუ გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება და სამშვიდობოზე გასვლა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება.

"მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება წერტილს დასვამს. ძალიან მოხარული ვარ ამ სახელმწიფოების ხალხების გამო, ეს იქნება არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ მოლდოვისა და საქართველოს საკითხი.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.