ავტორი:

"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე

"როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს..." - რას წერს ხათუნა ხოფერია სიმსივნის დიაგნოზსა და გადატანილ ოპერაციაზე

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ბოლო პერიოდში გადატანილ ოპერაციაზე წერს. დღეს იუბილარია და გადაწყვიტა სოციალურ ქსელში დეტალურად მოეყოლა, როგორ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი... ამჯერად ყველაფერი უკან მოიტოვა, მაგრამ ურთულეს ოპერაციას დღეს მხიარულად იხსენებს და მადლობას უხდის იმ მეგობრებს, რომლებიც მისი გადარჩენისთვის ლოცულობდნენ...

ხათუნა ხოფერია:

"შენ გაგიმარჯოს, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!”- გენიალური ვაჟა!

ჰო, ძალიან მაგარია სიცოცხლე, მაგრამ კიდევ უფრო მაგარია, როდესაც საოცარი სიყვარულით, ზღვა სიყვარულით არის სავსე. როდესაც ხვდები, რომ უშენობით, უდიდეს ტკივილს მიაყენებ არა მარტო შვილებს და ოჯახის წევრებს, არამედ შენ მეგობრებსაც!

როგორ გყვარებივართ, თქვე შეჩვენებულებო?! ურთულესი ოპერაცია სულ სიცილ-ხარხარში ჩავიტარე… ისე დაგზაფრეთ, იქით გამხნევებდით. ნარკოზიდან გამოსული არ ვიყავი, კაკო ყაჩაღივით წამოვხტი ფეხზე და სელფები გადავიღე მომნუსხველი ღიმილით თქვენთან გამოსაგზავნად.

რა ბედნიერი ადამიანი ვარ! რა მაგარი ყოფილა, როდესაც იცი, რომ უყვარხართ! იცი, რომ უშენოდ დარჩენა არ უნდათ! იცი, რომ ტაძრებში ჩუმად დადიან და დაჩოქილი ლოცულობენ, შენ სიცოცხლეს ავედრებენ უფალს!

ახლა კი, ყველაზე მხიარული მოგონებები:

1. მეგობარი მირეკავს პოლიტიკურ ამბავთან დაკავშირებით. შუა საუბარში ვაწყვეტინებ და ვეუბნები: - გუშინ ემერტეს პასუხი იყო. მოკლედ, თავში სიმსივნე მაქვს და ტრეპანაციას ვიკეთებ ხუთშაბათს. (კვირა დღეა). - სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა და. - უფ, ისეთი არც არაფერია, ამოჭრიან რაა… და გავიცინე. მეგობარი გამოცოცხლდა, სუნთქვაზე მივხვდი და სიცილით (ოღონდ ვაი, ასეთ სიცილს) მეუბნება: - ისე, არც არაფერია ნაღდად! ერთი-ორჯერ თუ არ გაქვს თავის ქალა ახდილი, რა კაცი ხარო!… მანუგეშა…

2. მესინჯერში მომწერა მეგობარმა, სწორედ იმ მეგობარმა, რომელმაც იმუშავა საიტებზე, გამოიყენა 5 ენის ცოდნა, მიაკვლია უახლეს მეთოდს სიმსივნის ამოკვეთის - ტრეპანაციის გარეშე, 1 სამტიმეტრიანი კვეთით და მოწვის მეთოდით, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი ექიმი აკეთებს, ექიმი, რომელმაც ეს მეთოდი გამოიგონა და დანერგა - დავით ფიცხელაური, საუკეთესო ნეიროქირურგი მსოფლიოში! ჰო, მოკლედ, სწორედ ეს მეგობარი მწერს: -ერთი ეს სტატია წაიკითხე, სანამ “გაგსვარკავენ” და მითხარი რას ფიქრობო… ეს "გასვარკვამდე“ ერთი დღით ადრე ხდება.

3. მეგობარი მირეკავს ოპერაციის წინა დღეს. ცრემლები ლაპარაკს არ აცლის. კაცებს უჭირთ ემოციის დამალვა. - ყველაფერი კარგად იქნება - ვეუბნები მე და სიცილით ვაგრძელებ - ერთი საფიქრალი მაქვს, ვაი თუ ნარკოზიდან გამოსულზე შევიცვალო და “ ფრი მიშა” დავიყვირო-თქო. მე კი ვიცინი, მაგრამ იქედან სრული სერიოზულობით მპასუხობს უკვე უცრემლო ხმა - თუ არ ჩაგკლა საწოლში, არაკაცი ვიყოო…

4. ოპერაციიდან მე-4 დღეს გამომწერეს. მე-6 დღეს მირეკავს მეგობარი - რას შობი? ხომ ხარ კარგად? რა ხმაურია, სა ხარო? - იზმაილოვოს ბაზრობაზე ვარ, გამოვისეირნეთ - ბედნიერმა ვუპასუხე მე.

ჯერ სიჩუმემ გამაკვირვა… მერე კი… - უხ, შენი მომკითხავის დედაცო… წაი და დაეგდე ლოგინში, რას დაგვხოცე თუ იციო… სიცილისგან ცუდად გავხდი… ასეთი სიყვარულით ჯერ არავის ვუგინებივარ!

დღეს ჩემი დაბადების დღეა!

მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან გიყვარვართ და რადგან მიყვარხართ, მეგობრებო!

ეს ჩემი დაბადების დღეა!

სიცოცხლე გრძელდება!“