ავტორი:

"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო

"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

სირიიდან და აფრიკის რიგი ქვეყნებიდან, სადაც ბოლო წლებში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის“ რამდენი ათასი მებრძოლი იმყოფებოდა, მათი სასწრაფო გამოყვანა მოითხოვეს...

სანამ პრიგოჟინი და მისი გუნდი ცოცხალი იყო, პირიქით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იქით ეხვეწებოდა "ვაგნერელების“ გაგზავნას ნავთობის ჭაბურღილების დასაცავად და მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ლიბიის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი მარშალი ჰაფთარი სწორედ "ვაგნერელების“ იმედზე იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგი აფრიკული ქვეყნების დიქტატორ-ლიდერებზე, რომელთა ქვეყნებში მოპოვებულ ალმასებსა თუ ოქროს, სწორედ პრიგოჟინის გუნდი უწევდა რეალიზაციას ევროპაში თუ თავად რუსეთში...

პრიგოჟინის გუნდის სპეციალურად მოწყობილ ავიკატასტროფაში საჩვენებლად განადგურებამდეც, "ვაგნერს“ უკვე ექმნებოდა დიდი პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ ბახმუტის ბრძოლების პერიოდიდან მოდის, როდესაც პრიგოჟინმა სახალხოდ და მოურიდებლად დაიწყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუსა და გენშტაბის უფროსის გერასიმოვის პირადი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში 23-24 ივნისის სამხედრო ამბოხში გადაიზარდა, რითაც პრიგოჟინმა ფაქტობრივად უკან დასახევი გზა მოიჭრა და თავისივე შექმნილი და აღორძინებული "ვაგნერიც“ ლიკვიდაციისთვის გასწირა...

შუა გზაში "გაჩერებული“ ამ ამბოხის(ამ სიტყვების პირდაპირი გაგებითაც, რადგან "ვაგნერელების“ ჯავშანკოლონები მოსკოვთან არ მისული შეჩერდნენ და უკან შემოტრიალდნენ)შემდეგ, პრიგოჟინის შემდეგი ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ პუტინს მაშინვე რომ გაეცა ბრძანება პრიგოჟინისა და უტკინის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ, ამას აუცილებლობად მოჰყვებოდა "ვაგნერელების“ საბრძოლო ჯგუფების საპასუხო შურისმაძიებელი მოქმედებები...

ამიტომაც, კრემლს სჭირდება "ვაგნერის“ შენაერთები ჯერ როგორმე გაეტყუებინა რუსეთის ტერიტორიის მიღმა, რაშიც თავის როლი პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ათამაშა და რამდენიმე ათასი "ვაგნერელი“ ბელარუსში მოწყობილ საველე ბანაკში გადააყვანინა, რითაც კრემლმა იმ მომენტში ორი კურდღელიც კი დაიჭირა-რუსეთის ტერიტორიას განარიდა ყველაფერზე წამსვლელი, კარგად შეიარაღებული, დიდი საბრძოლო გამოცდილებადაგროვებული "ვაგნერელები“(რომელთა მიმართ სიმპატიები იზრდებოდა რუსეთის მოსახლეობის იმ დიდ ნაწილში, ვინც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს) და ამასთან, არცთუ სახუმაროდ შეაშინა ბელარუსის მეზობელი ნატოს წევრი პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის ხელისუფალნი, რომელთაც თავიანთ საზღვრებთან უკვე "ვაგნერელების“ მოლანდებები დაეწყოთ...

"ვაგნერის“ ბელარუსში "გაციმბირების“ პარალელურად კრემლი შეუდგა პრიგოჟინის საფინანსო იმპერიის დაშლას, პირველ რიგში კი სირიასა და აფრიკის ქვეყნებში არსებული კონტრაქტების "ვაგნერიდან“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე გადაბარებას ანუ პრიგოჟინს მისივე პირადი მტრების დუეტი, შოიგუ-გერასიმოვი უპირებდნენ ამ ქვეყნებიდან გამოძევებას და არსებული კონტრაქტების გაგრძელებას უკვე შოიგუს პირადი კერძო სამხედრო კომპანიის "რედუტის“ საშუალებით...

სწორედ ამიტომაც იყო, რომ პრიგოჟინი სასწრაფოდ გაფრინდა აფრიკის ქვეყნებში და იქაურ პრეზიდენტ-დიქტატორებთან სიტუაციის გარკვევის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა კრემლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან პირადი დალაპარაკებისთვის, რის შემდეგაც მშობლიურ სანკ-პეტერბურგისკენ გაფრინდა,თუმცა...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი დონის დელეგაციამ თითქმის უკვე გადაიბარა მილიარდიანი კონტრაქტები სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და ამასთანავე, ამ ქვეყნების მეთაურებს სთხოვა-მოსთხოვა, რომ იქ დარჩენილი "ვაგნერელებისთვის“ ულტიმატუმი წაეყენებინათ-"ვაგნერელები“ სასწრაფოდ აბარებენ იარაღს და რუსეთში ბრუნდებიან ან ხელს აწერენ ხელშეკრულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ამიერიდან შოიგუს ქვეშევრდომები ხდებიან...

ამბობენ, რომ პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ და გეგმაში შეიძლება კიდევაც ყოფილიყო ჩაწერილი "ვაგნერის“ შურისძიების დაწყება მისი შემქმნელების ლიკვიდაციის საპასუხოდ, მაგრამ ეს თუ არ მოხდა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მალევე, ეტყობა ეხლა მითუმეტეს აღარ შედგება...

"ვაგნერის“ მებრძოლებს ბელარუსიიდან რუსეთში დაბრუნებისას სათითაოდ გაცხრილავენ-ზოგს გადაიბირებენ შოიგუს კერძო სამხედრო კომპანიაში, ზოგსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაიჭერენ ან სულაც პრიგოჟინი-უტკინის გზას გაუყოლებენ...

პუტინმა ძალზე დიდი თავისუფლება მისცა პრიგოჟინს და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, ოღონდ "ვაგნერს“, თუნდაც ძალიან დიდი სისხლის ფასად, როგორმე ბახმუტი დაეპყრო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი როლში შევიდა და რუსეთის ახალ იმპერატორობაზე მეოცნებე პუტინს სამხედრო აჯანყება გაუბედა, მისი ბედი ერთ წამში გადაწყდა... განაგრძეთ კითხვა