ავტორი:

შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ბიჭუნა სტიქიას დედასა და ბებიასთან ერთად ემსხვერპლა

შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ბიჭუნა სტიქიას დედასა და ბებიასთან ერთად ემსხვერპლა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული, 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ცხედარი იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრი, გივი ბერიანიძე ავრცელებს.

"ამდენი წამების შემდეგ დღეს სახლში ბრუნდები ჩემო გიო. ცოტა დაისვენე, დაღლილი იქნები. მერე დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი, ჩაეხუტე და დაელოდე, მეც მალე მოვალ“, - წერს მამაკაცი.

ინფორმაცია დაგვიდასტურა შოვში გარდაცვილი სამირა ისაევას ძმამ, ისკანდერ ისაევმა. მისი თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს რუსთავში დღეს მიასვენებენ.

18 წლის სამირა ისაევა მეზობლებთან მანანა ჯაჭვაძესთან, მარინა ხორბალაძესთან და შვილიშვილ 4 წლის გიორგი ხორბალაძესთან ერთად იყო შოვში დასასვენებლად წასული.

სამირა ისაევასა და მარინა ხორბალაძის ცხედარები 6 აგვისტოს იპოვეს. 13 აგვისტოს იპოვეს მანანა ჯაჭვაძის ცხედარი, 30 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ 4 წლის გიორგი ხორბალაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.