ავტორი:

ოკუპანტის ახალი სატყუარა: საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობენ - რას პასუხობენ ამ ინიციატივას "ოცნების" ხელისუფლებიდან?

ოკუპანტის ახალი სატყუარა: საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობენ - რას პასუხობენ ამ ინიციატივას "ოცნების" ხელისუფლებიდან?

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოდან აპლიკანტებს 1-ლი სექტემბრიდან შეეძლებათ მიმართონ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს 2023-2024 სასწავლო წელს სწავლისთვის, - იუწყება SOVA.

"მიმდინარე წლის 1 - ლ სექტემბერიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე იწყება 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კანდიდატების მიღების კამპანია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე და 01.09.2023 წლის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებულები არ არიან)“, - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში შეიქმნება ქართულ-რუსული უნივერსიტეტი, სადაც "სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ“.

"სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები - მე ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით", - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთის ფედერაციის ინიციატივას.

სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა.

"რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ - განაცხადა სარჯველაძემ.