ავტორი:

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალ რუკაზე რუსეთის ნაწილი თავის ტერიტორიად მონიშნა

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალ რუკაზე რუსეთის ნაწილი თავის ტერიტორიად მონიშნა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2023 წლის ახალი გეოგრაფიული რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც რუსეთის კუთვნილი დიდი უსურიის კუნძული თავის ტერიტორიად გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას RBC ავრცელებს.

ახალ ოფიციალურ რუკაზე კუნძული აღნიშნულია, როგორც ჩინეთის ტერიტორიის ყველაზე აღმოსავლეთი წერტილი. განმარტებით ტექსტში ხაზგასმულია, რომ "რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების დიზაინის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“.

დიდი უსურიის კუნძულის გარდა, ჩინეთმა თავის ტერიტორიად გამოაცხადა ინდოეთის შტატი არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის სასაზღვრო რეგიონი. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეკინის საქციელი უკვე გააპროტესტა, მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დიდი უსურიის კუნძული დაახლოებით 340 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. იგი ხაბაროვსკთან ახლოს, მდინარე უსურის შესართავთან მდებარეობს. კუნძულის საკუთრების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1920-იან და 1930-იან წლებში კუნძული საბჭოთა ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა.