ავტორი:

"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." - თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

"5 წელია, რაც მამა აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის..." -  თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა. ლაპარაკია გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთსა და გიორგი ჩიტაიას ჩიხზე. ეს ინფორმაცია სოციალური ქსელში თბილისის საკრებულოს წევრმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძე გაავრცელა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

"ზურაბი თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა. ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში მისი სახელობის ქუჩა იქნება. ამ საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა. ყველას მადლობას ვუხდი", - დაწერა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ambebi.ge ზურა ვადაჭკორიას შვილს, მიმი ვადაჭკორიას ესაუბრა:

- ბედნიერები ვართ, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა. თავად ბატონმა ზურა ჩიკვილაძემ დამირეკა და შემატყობინა. ცრემლები წამომივიდა... ზურა გულჩვილი ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარ, ისიც ასევე აღელდებოდა... ეს ამბავი ბატონი ზურა ჩიკვილაძის ინიციატივით მოხდა, რასაც პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა რიმა ბერაძემაც დაუჭირა მხარი და ამისთვის ორივეს უდიდესი მადლობა.

საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი საყვარელი ადამიანის, მამის სახელს ამ ქალაქში ერთ-ერთი ქუჩა ატარებს. მამაჩემს თბილისი უზომოდ უყვარდა, ჩუღურეთში დაიბადა და გაიზარდა, "პლეხანოვსა“ და "ოქროს უბანში“ სიარული მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ამ ადგილებში და საერთოდ ქალაქში სულ ფეხით დადიოდა... ახლა ეს ყველაფერი მისი ხსოვნის და სახელის უკვდავსაყოფად მოხდა. ჩვენი ოჯახის სახელით უდიდესი მადლობა ამისთვის ყველას, ვინც ამ პროცესში რაღაც ფორმით მონაწილეობდა. ზუსტად ვიცი, მამაჩემი, იქ, სადაც არის, ამას გრძნობს და მადლიერია.

- როგორია მამის გარეშე ცხოვრება?

- 2018 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა... 5 წელია, რაც აღარ არის. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის. დრო გვასწავლის ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. კი, ჩვენ ეს ზურას წასვლამ გვასწავლა. ყოველთვის გვახსოვს - წუთი, წამი არ გავა, რომ ის ჩვენ გვერდით არ იყოს. მე და ჩემი ძმა ნიკა თუ რამეს მივაღწევთ, გავაკეთებთ, ვამბობთ, ახლა ამას ზურიკო რომ ხედავდეს ან რომ ენახაო... მისი გარდაცვალების შემდეგ მე მეორე შვილი შემეძინა, ჩემი ძმა მესამე შვილის მამა გახდა. დაიბადნენ თუ არა პატარები, მაშინვე ზურიკო გაგვახსენდა... უბედნიერესი იქნებოდა მათ დაბადებას რომ მოსწრებოდა...

გადაყოლილი იყო ოჯახზე, ჩვენზე. რძალი და სიძეც შვილებად მიაჩნდა, 4 შვილი მყავსო - ამბობდა. ნიკას შუათანა ბიჭი ზურა ვადაჭკორიაა. ჩემი შვილიც უკვე ფოკუსების გაკეთებას სწავლობს, ძალიან უნდა, რომ ამ კუთხით რაღაც გამოუვიდეს. სულ ამას გაიძახის, ზურა ვადაჭკორიას შვილიშვილი ვარო. ბავშვები ბაბუით ამაყობენ. მეც ამაყი ვიყავი ყოველთვის მამაჩემის შვილობით... ეს ჩემთვის ყველაფერი იყო, მაგრამ რაც ამქვეყნად აღარ არის, კიდევ უფრო ამაყი და ბედნიერი ვარ.

მამის გარდაცვალების შემდეგ დავინახე, რამდენ ადამიანს ჰყვარებია ზურა. ბევრი რამ გავიგე ისეთი, რაც მის სიცოცხლეში არ ვიცოდი, მაგალითად, მისი სიკეთეების, კარგი საქმეების შესახებ და სწორედ ამიტომაც ვარ ასმაგად ამაყი... ის ჩემთვის ცოცხალია. ბოლოს ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შალვა ოგბაიძეს, რომელმაც დამირეკა და პირადად მომილოცა. საერთოდ, ბევრი ადამიანი მირეკავს და მილოცავს. ყველას დიდი მადლობა. მადლობა მთელ საქართველოს!

  • ცნობისთვის ზურაბ ვადაჭკორია იყო ადამიანი, რომელმაც საილუზიო ხელოვნების კულტურა ჩვენში შემოიტანა და განავითარა. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2000 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღეში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.