ავტორი:

"მთავრობას არავინ ეკითხება, პრეზიდენტი სად წავა" - რომან გოცირიძე

"მთავრობას არავინ ეკითხება, პრეზიდენტი სად წავა" - რომან გოცირიძე

"მთავრობის გადაწყვეტილება სკანდალურია და ნათლად წარმოაჩენს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოზიციას - კარგად წაიკითხოს ხელისუფლებამ კონსტიტუცია, არც ერთ მუხლში არ წერია, რომ თანხმობა სჭირდება ვიზიტებს", - ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ ღალატის გზას ადგას და რუსულ ინტერესებს ატარებს.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს უკრძალავს კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას. არაერთხელ გვინახავს, რომ უარს ეუბნებოდნენ საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე, ან დიდი გაწამაწიის შემდეგ იძულებული ხდებოდნენ, ნებართვა გაეცათ. მაშინ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" ანტიუკრაინულ პოზიციებში და პრორუსულ დამოკიდებულებაში არ ემხილა, ეშინოდათ ასევე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არ ეთქვა რაიმე. თუმცა, ამ მიმართულებით ის ყოველთვის თავს იკავებდა.

მთლიანობაში ცდილობდნენ, რომ ყველანაირად შეეზღუდათ პრეზიდენტი. ახლა კონტექსტი გაცილებით დიდია, მისი დაბლოკვა ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნეგატიურ დამოკიდებულებას. პირიქით დღეს, როცა საერთაშორისო გარემოებათა გამო, საქართველო უფრო მიიღებს სტატუსს, თუნდაც იმის გამო, რომ არ ჩამორჩეს ევროპულ პროცესს და არ დარჩეს რუსეთთან პირისპირ, ევროკავშირი იძულებულია ფაქტობრივად, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ ასრულებს რეკომენდაციებს, ავანსად და იმ იმედით, ალბათ, რომ მომავალში ეს ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოსთვის სტატუსი იქნას მიცემული.

სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმულია დადებითად და ჩვენ ვხედავთ რომ "ქართული ოცნება" ამას ხელს უშლის. ევროკავშირის გარდა, სხვა ქვეყნებშიც აპირებს წასვლას: ისრაელში, ემირატებში და ა.შ. და ამის გამო გაკვირვებას გამოთქვამენ. არავინ ეკითხება ჩვენს მთავრობას, სად წავა პრეზიდენტი და რაც მეტ ქვეყანაში წავა, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით აქტივობები ექნება და ევროინტეგრაციის კუთხით გადადგამს ნაბიჯებს, კარგია ქვეყნისთვის.

ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს სკანდალი, ვინაიდან გერმანიის, სხვა ქვეყნების პირველ პირებს ხვდება, ისე რომ არ აქვს მთავრობის ნებართვა, კიდევ ერთი სიგნალია, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციების საჯაროდ გამჟღავნების, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელმოწერის უფლება არ აქვს მთავრობისგან დამოუკიდებლად, კარგად წაიკითხოს ხელისუფლებამ კონსტიტუცია, არსად არ არის საუბარი ვიზიტებზე. თუ რაიმე ხელშეკრულებას, დოკუმენტს მოაწერს ხელს, რომელიც არ არის შეთანხმებული მთავრობასთან, არ ექნება კონსტიტუციური ძალა, მაგრამ ის, რომ შეხვედრებში მონაწილეობის ნებართვა სჭირდებოდეს, კონსტიტუციის არც ერთ მუხლში არ წერია. "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა რომ ადგას ღალატის გზას, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება, გაგრძელება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კურსის. ესაა სკანდალური გადაწყვეტილება, რადგან როცა პრეზიდენტი ხვდება ქვეყნების პირველ პირებს და ამის უფლებამოსილება არ აქვს მთავრობისგან, ეს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოზიციას, მოურიდებლად და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად,"- განაცხადა გოცირიძემ.