ავტორი:

სისხლიანი ინციდენტი უკრაინაში: პატრულის გასროლას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი მოკლულ ჯუმბერ სილაგავაზე?

სისხლიანი ინციდენტი უკრაინაში: პატრულის გასროლას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი მოკლულ ჯუმბერ სილაგავაზე?

უკრაინაში პოლიციელებთან კონფლიქტს 38 წლის ჯუმბერ სილაგავა ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სილაგავას პარტნიორი ქალი და ორი მცირეწლოვანი შვილი. სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, მათ შორის საპატრულო პოლიციელის სამხრესთან დამაგრებული კამერითა და მანქანაში მყოფი ბავშვის ტელეფონით გადაღებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მანქანას მართავდა ნასვამი ჯუმბერ სილაგავა, სწორედ ამიტომ არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას, ხოლო დევნისას ადგილი გაუცვალა გვერდით მჯდომ ქალს. კონფლიქტი სამართალდამცავებთან სწორედ ამ თემაზე დაიწყო.

საპატრულო სამსახურის გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დნეპრში, ნიგოიანის გამზირისა და ორლოვსკაიას ქუჩის კვეთაზე, "იაგუარის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია - მარჯვენა ზოლიდან მარცხნივ გადაუხვია, რის შემდეგაც დამრღვევს საპატრულო პოლიციის მანქანა გაეკიდა.

დარღვევა 16:54 საათზე, სროლა კი, რომელიც მამაკაცის სიკვდილით დასრულდა, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს პატრულის თანამშრომლებსა და სილაგავას შორის შეტაკება და გასროლის მომენტიც. ჩანს ასევე, რომ მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა სამართალდამცავების მიმართ. უკვე გაჩერებულ მანქანაში მძღოლის სავარძელზე ქალი ზის, რომელიც მანქანიდან გადმოსვლაზე უარს ამბობს, რის მერეც სამართალდამცავები მის ძალით გამოყვანას იწყებენ. ვითარება სწორედ ამის მერე იძაბება.

მომხდარს სახელმწიფო ბიურო იძიებს, სადაც აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია და იკვლევენ იმას, თუ რამდენად კანონიერად იქნა სამართალდამცავის მიერ სატაბელო იარაღის გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. უწყების კომუნიკაციების მრჩეველმა ტატიანა საპიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაინიშნება იარაღზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოვლინდებიან და დაიკითხებიან მოწმეები. მისივე თქმით, ინციდენტის ორივე მონაწილე სამართალდამცავი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათგან ის, ვისმა გასროლამაც შეიწირა ადამიანი, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

ინციდენტმა შეძრა უკრაინული საზოგადოება. ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დაიწყო და პატრულის თანამშრომლები სამსახურს ჩამოაცილა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საზოგადოებას მოუწოდებს, არ მოხდეს სტიგმატიზაცია და არ გამოიტანონ ნაადრევი დასკვნები პოლიციელთა ბრალეულობის შესახებ.

  • რა არის ცნობილი გარდაცვლილი ჯუმბერ სილაგავას შესახებ

ადგილობრივი მედიის ცნობით, "იაგუარას" მგზავრი 38 წლის ჯუმბერი სილაგავაა.

ამ სახელისა და გვარის მქონე პირი რეგისტრირებულია, როგორც ინდმეწარმე. უკრაინული მედიის ცნობით, სილაგავა ვაჭრობით იყო დაკავებული, მას ასევე ჰქონდა დამკრძალავი ბიურო და რეგისტრირებულია დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ პეტრიკოვკაში.

პეტრიკოვკაში მცხოვრები სილაგავას ოჯახის ნაცნობმა გადაცემა Snidanok z 1+1-ს დაუდასტურა ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის ბიზნესის შესახებ. ქალის თქმით, მათ აქვთ ბიზნესი დნეპრში და მთელ რეგიონში, კერძოდ, პეტრიკოვკაში და მიმდებარე სოფლებში.

სოციალურ ქსელებში ჩვენ მოვახერხეთ გვერდის პოვნა ნატალია სილაგავას სახელით, სადაც განთავსებულია განცხადებები დნეპრში, პეტრიკოვკასა და პარტიზანსკაში გარდაცლილთა ძეგლების დამზადებისა და დაკრძალვის ორგანიზების შესახებ.

როგორც ირკვევა, ნატალია სილაგავა გარდაცვლილის ყოფილი ცოლია, მან უკრაინულ მედიას შემდეგი განუცხადა:

"მარტში დავშორდით ერთმანეთს. 17 წლის ვიყავი, მისი მეუღლე რომ გავხდი. ახლა 36 წლის ვარ. მე ამ მანქანაში არ ვყოფილვარ, მის გვერდით ის ქალი იჯდა, რომლის გამოც დავშორდით. ზღვაზე მიდიოდნენ ნიკოლაევის რეგიონში".

მან ასევე ისაუბრა მათი შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც მამის გარდაცვალებას შეესწრნენ.

"ბავშვები უძლებენ, ძალიან უყვარდათ მამა, არასოდეს გამომიყენებია ისინი მამის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით... პოლიციიდან არავინ დამკავშირებია, ამას აზრიც არ აქვს, მათთან საუბარი არ მჭირდება. ქმარს ვერ დავაბრუნებ, ყველაფერი ისე იყოს, როგორც კანონის მიხედვით იქნება. პრეტენზია მაქვს იმ პოლიციელთან, რომელმაც ჩემს შვილს ვიდეო სთხოვა და შემდეგ გამოაქვეყნა ადგილობრივ "ტელეგრამარხზე“, - თქვა ქალმა.

ჯუმბერ სილაგავა ყოფილ მეუღლესთან ერთად

უკრაინული მედია წერს, რომ ქალი, რომელიც გარდაცვლილთან და მის შვილებთან ერთად იმყოფებოდა, 22 წლის ტატიანა პატინკოა. მედიამ ვერ შეძლო ქალთან დაკავშირება, მისი ტელეფონი გამორთულია.

შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატრულმა მამაკაცს მას შემდეგ ესროლა, რაც ის პოლიციელ ქალს თავს დაესხა და სახეში მუშტი დაარტყა.

გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სამართალდამცველ ქალს სახე და ხელები სისხლიანი აქვს.