ავტორი:

"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი

"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ლობირებისთვის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო. ცნობილია, რომ მან გუშინ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან უკვე გამართა შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე მთავრობის უარი იმით ახსნა, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს და ბრალდებები გზაში დააწია. კობახიძემ ზურაბიშვილის თვითნებურ გადაწყვეტილებას მძიმე მოვლენა უწოდა და მუქარაც შეუთვალა, რომ კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი პრეზიდენტის საქციელს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

საინტერესოა, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებს დეკემბრის თვეში დაასრულებს.

GIPA-ს პროფესორის, პოლიტოლოგ გიორგი კობერიძის აზრით, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფლების მხრიდან. ერთგვარი ტრაგედიაა, როცა "ოცნება“ პირად ანგარიშსწორებას ახდენს ზურაბიშვილზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანას აზიანებს. მისი თქმით, პრეზიდენტი, პრაქტიკულად არის კიდევ ერთი დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია.

"ზოგადად, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური კურსის დამხმარე რგოლად ყოფნა. ის არ არის მთავარი წარმმართველი, მაგრამ დახმარება მისი მთავარი ფუნქცია, რადგან პრეზიდენტს აქვს ცერემონიალური ხასიათი და, შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფოს იქ, სადაც ის მიდის. მას აქვს საშუალება და უფლება დაამყაროს, გააღმავოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მოკავშირე ქვეყნებთან და მოუპოვოს მას ისეთი მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც მეტად დააახლოვებს პარტნიორებთან და არ დაგვტოვებს მარტო. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრეზიდენტი, პრაქტიკულად, არის კიდევ ერთი დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა ამ მიზნის მისაღწევად. საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა შეძლო, რომ რეპუტაციულად ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები, რაც "ოცნებისთვის“ მიუღებელია. რასაც ახლა ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფლების მხრიდან. ერთგვარი ტრაგედიაა, როცა "ოცნება“ პირად ანგარიშსწორებას ახდენს ზურაბიშვილზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანას აზიანებს. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა კიდევ უფრო ამძიმებს მათ პოზიციას. გარეშე თვალისათვის ეს არის სრულიად არასერიოზული სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე რაღაც სამეფო კარის თამაშები, სასაცილო რეალობა.

პრეზიდენტს დიდი ფუნქცია აქვს საგარეო პოლიტიკაში. მისი ვიზიტები, კი, ბატონო, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ თუ კი მთავრობა ბლოკავს ამ პროცესს, აქ უკვე ვიღებთ ძალზე უცნაურ და უცნობ ვითარებას - მთავრობის მიერ დაბლოკილი პროცესი, რომელიც საქართველოს წაადგება, პრობლემას ქმნის ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ბუნდოვანება და გაუგებრობა. ერთია პოლიტიკური პროცესი და მეორე - სამართლებრივი. პოლიტიკურ პროცესში პრეზიდენტის დაბლოკვა არის პრობლემა, ხოლო სამართლებრივად, რა თქმა უნდა, შეთანხმებაა ყველაზე კარგი ვარიანტი იმიტომ, რომ მთავრობა უნდა მუშაობდეს მასთან ერთად, მაგრამ ასე არაა, მთავრობის წევრებს შორის ერთმანეთის ჯინში ჩადგომა და პოლიტიკური ნიშნის ფონზე ერთმანეთთან შეპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისათვისაა დამაზიანებელი. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ცხადია, რაც ახლა ხდება, ჩვენ არაფერში წაგვადგება (დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტია), პირიქით, საერთაშორისო სივრცეში ეს ჩანს ძალზე ბავშვურ და არასერიოზულ საქციელად, რადგანაც სინამდვილეში, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სატატუსს, არასერიოზულად უდგება საკუთარ საგარეო პოლიტიკას. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტს, რაც ზოგიერთებმა ახსენეს, ეს კიდევ უფრო დააზიანებს პროცესს და ეს არცაა მარტივი საქმე - თუ კი პრეზიდენტს გაუშვებენ, პირდაპირი წესით მოგვიწევს მისი არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა, პირდაპირი წესით არჩევა კი სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. მოკლედ, ეს რთული პროცესია და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში კრიზისს უფრო მეტად პრეზიდენტი კი არ ქმნის, არამედ მასთან შეჯიბრებაში მყოფი ძალები, რაც ძალზე არასერიოზულია.

სალომე ზურაბიშვილს თავისი პოლიტიკური ხედვები რომ ექნებოდა, ეს მისი პოლიტიკური წარსულიდანაც კარგად ჩანს, ვიცით, რომ პრეზიდენტს უცნაურობები ახასიათებდა მანამდეც - დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის პერიოდშიც და "ნაცმოძრაობის" პერიოდშიც, ამიტომ ახლა განსაკუთრებულ სურათთან არ გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, თუ რა სურს ხელისუფლებას, ამის თქმა ძალიან რთულია. მას სურს თვითონ იყოს ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში, მსოფლიო დიპლომატიაში, მაგრამ ასე არ არის და ძალიან არ სიამოვნებს, როცა პრეზიდენტი ხდება ამ როლის შემსრულებელი. არც თვითონ დგამს ღირსეულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვინაიდან არც ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ამ პროცესის ღირსეულად და ნდობით წარმართვას, რომც ჰყავდეს, დაინტერესებული ნაკლებად არის. ეს ის ამბავია, რომ არც თვითონ მოიპოვოს ეს პროცესი და არც სხვას წარამართვინოს. რომ ვთქვათ, პრეზიდენტის ევროპული ტურნე რამეს გადაწყვეტს, ტყუილი იქნება, მაგრამ ზოგადად, რაც მეტი მსჯელობა იქნება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც მეტს ილაპარაკებენ პრეზიდენტის დონეზე საქართველოს ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის სასურველია. რაც მეტს იმსჯელებენ, მეტი რაღაცის მიღება შეგვიძლია, მაგრამ თვისობრივად რომ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებით აპრიორი რაიმე უეჭველად შეიცვლება, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს ხომ სინამდვილეში, მართლა მოლაპარაკებები არ არის, ესაა პოლიტიკური პროცესი იმაზე, რომ იმსჯელონ საქართველოზე, რათა მან მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“.