ავტორი:

"შარლ მიშელი ხომ დასვამს კითხვას? - ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა და მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს" - ირაკლი კობახიძე

"შარლ მიშელი ხომ დასვამს კითხვას? - ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა და მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს" - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის ციტატაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებს, შარლ მიშელი ხომ დასვამს კითხვას, მართალია თუ არა, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა და მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს - პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში არის კონტრპროდუქტიული და უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტზე მთავრობის უარი იყო არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც გამყარებული.

გარდა ამისა, კობახიძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო თავის დროზე, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს.

"განვმარტავ, რატომ გაჩნდა თავის დროზე, 2017 წელს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოშიც, გახსოვთ, რომ იყო პრობლემური შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. იყო ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების დროს, პრეზიდენტსაც სურდა, ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და მაშინ კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს ამ თემაზე.

გარდა ამისა, მაგალითად, მოლდოვაში იყო შემთხვევა, როდესაც მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა განსხვავებული საგარეო პოლიტიკური შეხედულებები. პრეზიდენტი მაშინ პრორუსული ორიენტაციის იყო, მთავრობა იყო პროდასავლური ორიენტაციის. პრეზიდენტი ხშირად ესწრებოდა, მაგალითად, რუსეთში გამართულ ღონისძიებებს, რაზეც კონსტიტუცია არ აძლევდა მთავრობას რეაგირების საშუალებას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იყო არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ კომპეტენციებს. პოლონეთში იყო შემთხვევა - კაჩინსკი და ტუსკი ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ კომპეტენციებს. ორივეს უნდოდა, რომ, მაგალითად, ევროკავშირის სამიტს დასწრებოდა, საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ პრემიერმა პრეზიდენტს თვითმფრინავი არ გამოუყო. ფინეთშიც იყო ასეთი პრობლემები, ავსტრიაშიც, გავრცელებული პრაქტიკაა. სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე, ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები. სწორედ ამიტომ ჩაიწერა კონსტიტუციაში მკაფიოდ, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, ვინც საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, მთავრობაა. შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება, პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე როლი შეასრულოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს, რომ ხალხი სწორედ მთავრობას ირჩევს არაპირდაპირი ფორმით, საგარეო პოლიტიკის წარმოების მიზნით და არა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, სწორედ მთავრობას ენიჭება პრიორიტეტი. კონსტიტუცია მკაფიოდ მიჯნავს ყველაფერს. კონსტიტუციაში ცხადად წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია ჩაერთოს ამ ამოცანაში. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტისა და მთავრობის პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს შარშანაც იმსახურებდა და წელსაც იმსახურებს, პრეზიდენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არც შარშან იმსახურებდა და არც წელს.

პრაქტიკაში რომ შევხედოთ - მაგალითად, შარლ მიშელის თანაშემწემ შარლ მიშელს რომ დაუდოს ფურცელი, სადაც მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, მიშელი ხომ დასვამს კითხვას, ეს მართალია, რაც მან თქვა საქართველოს პარლამენტის შენობაში, თუ ტყუილი. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა, რათა რადიკალური ოპოზიცია გაემაგრებინა. მას მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს და კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. აქედან ხომ ჩანს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში არის კონტრპროდუქტიული - უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. აქედან გამომდინარე, მთავრობის უარი იყო არა მხოლოდ სამართლებრივად, კონსტიტუციით გამყარებული, არამედ პოლიტიკურადაც. შესაბამისად, ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მისი აზრით, პრეზიდენტი მისი ქმედებებით დასავლელ პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.

"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტი, ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არაფერს აკეთებს, კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არის პირდაპირ ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამით ის პირდაპირ უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. რა ინტერესი იყო შარშან, რა ინტერესი ჰქონდა ოპოზიციას, როცა ის კანდიდატის სტატუსის არ მიღებას რევოლუციურ პროცესებს უკავშირებდა. ამ ადამიანებს იმედი აქვთ, შარშან ეს იმედი ჰქონდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების პირობებში რევოლუციას მოახდენდნენ, რაც ჩაეშალათ, წელს ეს იმედი ნაკლებად აქვთ, თუმცა, ხავსს ეჭიდებიან, ეს არის რეალურად ამ ყველაფრის მიზეზი. თუმცა, მათ აქვთ კოორდინაცია, მათ ჰყავთ საერთო პატრონი.

დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედებების გამო, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორებისთვის, ეს მეტწილად შიდა საქმეა, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, თუმცა, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ყველამ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია ჩვენი პარტნიორებისთვის... შავით თეთრზე წერია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე მთავრობაა პასუხისმგებელი და მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს ვიზიტი განახორციელოს, რა თქმა უნდა, ეს დამაბნეველია და ეს ქმნის ბუნებრივია, უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხითაც არის პრობლემური სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, თუმცა, დეტალებში შესვლა არ ღირს, მან ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც დღეს უხეშად არღვევს, ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის დაპირისპირება საერთაშორისო დონეზე როგორ გამოჩნდება, კობახიძე ასე პასუხობს:

"ცუდად, მითუმეტეს, როცა პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს რა თქმა უნდა, ცუდად წარმოჩნდება. საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა, მათ შორის, ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როცა არის საუბარი, პასუხისმგებლობა კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება და არა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება ისაუბროს საკუთარი გზავნილებით და სხვას არ მისცეს საპირისპირო გზავნილების გაჟღერების საშუალება. ასეთ დროს, როცა პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება. მისი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამიტომ ამბობს ტყუილს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებს და ა.შ. ეს ტყუილია. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, უბრალოდ ტყუილია“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ: