ავტორი:

"ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა... მე სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, შევიტანდი საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრსარჩელს" - გია ხუხაშვილი

"ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა... მე სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, შევიტანდი საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრსარჩელს" - გია ხუხაშვილი

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ "ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა - მათი მხრიდან იყო მუქარა, რასაც პრეზიდენტი არ შეეგუა და გამომდინარე იქიდან, რომ "ქართლი ოცნების“ მთავარი შიში არის სისუსტის გამოვლინება, ფაქტობრივად, თვითონ ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში ამ მუქარის შემდეგ, რომ მოუწიათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართლი ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება.

გია ხუხაშვილის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურას შინაარსობრივი მხარე არ აქვს და მას უფრო პოლიტიკური პროცესის განზომილება აქვს. ხუხაშვილის თქმით, თუ "ქართული ოცნება“ ახლა ამ იმპიჩმენტის პროცესზე უარს იტყოდა, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც სისუსტის გამოვლინება და ამ შიშმა ისინი აიძულა, წასულიყვნენ იმპიჩმენტზე.

"მე დიდ გზავნილს არ ვხედავ ამაში, ეს არის უბრალოდ დაპირისპირება. შინაარსობრივად ამ დავას აზრი არ აქვს. ცხადია, რომ 100 ხმას "ქართული ოცნება“ მარტივად ვერ აგროვებს ანუ თვითონ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა მათთვის არის ძალიან პრობლემური, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს არ აქვს შინაარსობრივი, სახელმწიფოებრივი განზომილება. ამ თემას უფრო აქვს პოლიტიკური პროცესის განზომილება, რაც, პირდაპირ გეტყვით, რომ მისასალმებელია. ოპოზიციის საზრუნავი იყო, რომ პოლიტიკური პროცესი გაეცოცხლებინათ და არა ხელისუფლების. ხელისუფლება სულაც არ არის დღეს დაინტერესებული პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებით, მაგრამ მათ აიღეს ეს ტვირთი თავის თავზე და თვითონ მისცეს საზოგადოებას საკვები იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს და მორიგ სპირალში შევიდეთ, რაც მისასალმებელია. მთავარია თემაა ამ მორიგ ორთაბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციურ კოლიზიასთან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის ვიზიტების განხორციელების აკრძალვა თავის მხრივ იყო კონსტიტუციის დარღვევა, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ყველა ინსტიტუტი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუწყოს.

"საქმე იმაშია, რომ სალომე ზურაბიშვილის განაცხადი იყო ლობირება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ეს ვიზიტები ემსახურებოდა სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას. ახლა, ხელისუფლება მას იგივე კონსტიტუციაზე აპელირებით ეუბნება, რომ შენ დაარღვიე კონსტიტუციაო ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის ორ ნორმას შორის გარკვეულ პოლიტიკურ წინააღმდეგობასთან საქმე. რეალურად, საზოგადოებამ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ნორმას აქვს პრიორიტეტი. ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ უკრძალავს პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას, ის, ჩემი აზრით, თვითონ არღვევს კონსტიტუციას და თუ მას აქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პრეზიდენტს აუკრძალოს წასვლა, ამ შემთხვევაში, ის ანგარიშვალდებულია ქართველ ხალხთან, აგვიხსნას, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. მათი უარის ეს სამოტივაციო ნაწილი არ განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას. მთავრობას ჰქონდა ვალდებულება, რომ სამოტივაციო ნაწილში მიეთითებინა თუ რის საფუძველზე ეუბნებოდა უარს, მან ეს არ გააკეთა - გაასაიდუმლოვა მოტივაცია და მე ვფიქრობ, მათ ამით დაარღვიეს კონსტიტუცია, იმიტომ, რომ შეზღუდეს ინსტიტუციური ლიდერი საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის განხორციელებაში, რაც სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება. ახლა ამ კოლიზიებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს მთელმა საზოგადოებამ, ვინ რეალურად ლობირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინ საბოტირებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მან "ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, "პოლიტიკური ვირეშმაკობა“ უწოდა.

"კობახიძემ თქვა, რომ ან ქულების დაწერა უნდა პრეზიდენტსო, ან საბოტაჟი უნდაო. ფაქტობრივად, მან გააკეთა ვირეშმაკული პოლიტიკური განცხადება, რომ თუ სტატუსი მივიღეთო, სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ ქულებს იწერს და მეტი არაფერი აინტერესებსო და თუ სტატუსი ვერ მივიღეთო, ეს სალომე ზურაბიშვილის ბრალი იქნებაო. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ვირეშმაკული თამაში და არანაირი კავშირი ამას სახელმწიფო ინტერესთან არ აქვს. თვითონ კობახიძის დღევანდელი განცხადება არის უკვე სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება და იმის დადასტურება, რომ მათი ინტერესია მხოლოდ ის, რომ საკუთარ ტყავზე, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე იზრუნონ და არ უნდათ სხვისი გაკეთებული თუნდაც სასარგებლო საქმე, რომ ვიღაცამ ქულები არ დაიწეროს. ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს და ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი სოციალურ ქსელშიშიც აქვეყნებს პოსტს ამ საკითხზე:

"მე სალომე ზურაბიშვილის ადგილზე შევიტანდი საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრსარჩელს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ანტი-კონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს. მაგალითად, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან მეორე ინსტიტუტის მიმართ და ირღვევა შესაბამისი ბალანსის პრინციპი. მინიმუმ უნდა იყოს ნათქვამი, რომ ასეთი ბლოკირების შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს საფუძვლები და პრეზიდენტს ჰქონდეს მათი გასაჩივრების საშუალება".