ავტორი:

"მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ - იყო დრო, როცა საქართველოში შუქი 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა" - ასლან ბჟანია

"მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ - იყო დრო, როცა საქართველოში შუქი 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა" - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო.

ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, "ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ ე.წ. პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ენერგეტიკული კომპლექსი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. მან ასევე, ისაუბრა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "წელს შარშანდელზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“.

"მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად, მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ“, -აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიტუაციები "ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა“.

"საქართველოში იყო დრო, როცა ელექტროენერგია 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დაგვჭირდება ამ გზით გავლა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ბჟანიამ.

ასევე, როგორც ბჟანიამ თქვა, მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც პურში, ფქვილში და მობილურ კავშირში.

"ამ თანხის გადახდა აუცილებელია ისევე, როგორც ვიხდით პურში, ფქვილში, მობილურ კავშირსა და სხვა საქონელში, რომელსაც ვიყენებთ. ელექტროენერგია არის იგივე საქონელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ჩვენთან ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ეკონომიკის სფეროა და ეკონომიკის კანონებს უნდა იარსებოს. ეს უნდა გავითავისოთ და გავიგოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.