ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის ნომერი #3 (129), რომელშიც წაიკითხავთ:

  • სიმენსები და საქართველოზე გამავალი ინდოევროპული ტელეგრაფი

XIX საუკუნის საქართველოს სატელეგრაფო ისტორია უშუალოდ უკავშირდება ძმებ სიმენსების საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის იმპერიაში ძმების მუშაობის დიდი ნაწილი ამიერკავკასიას უკავშირდება. მათ ესმოდათ, როგორი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა ჰქონდა ტფილისს, როგორც მთელი კავკასიის ცენტრს, ხოლო კავკასიას, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონს. ამიტომ მათ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში განსაზღვრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და მისი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საინფორმაციო დერეფნის დამაკავშირებლის მნიშვნელოვანი როლი. ამიტომაც სიმენსებმა, ვენისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ, თავიანთი ფირმის ერთ-ერთი პირველი ფილიალი სწორედ ტფილისში დააფუძნეს. მათ დაინახეს, რომ ქვეყნის ადგილმდებარეობა შესაძლებელს გახდიდა ტფილისიდან ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ ინდოეთთან კავშირის გაბმას. სიმენსებმა ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების პოტენციალი გამოიყენეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის.

ვერნერ სიმენსი საქართველოში სამჯერ (1865, 1868, 1890 წლებში) ჩამოვიდა და შემდგომ დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი “მოგონებები“. წიგნში მოცემულია კავკასიის რუკა, რომელზეც დატანილია ინდოევროპული ტელეგრაფის სქემა. რუკაზე აღნიშნულია სოხუმსა და ქერჩს შორის ჩადებული წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი და სოხუმიდან თბილისზე გავლით ჯულფამდე მიმავალი სატელეგრაფო ტრასა. ავტორი დაწვრილებით წერს ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობაზე საქართველოში, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის სამუშაოებზე; განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს - სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, თბილისისა და კახეთის მდებარეობისა და ბუნების აღწერას...

  • გერის წმინდა გიორგის სალოცავი და გერისთობა

ქართულ სოფელში ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი იყო ხალხური სასოფლო დღეობა-დღესასწაულები. ქართლში თითოეულ სოფელს მამა-პაპიდან გადმოცემული თავისი დღეობა ჰქონდა. ერთი ასეთი დღეობა გერისთობაა. მთელ ქართლში დიდი ძალისა და რწმენის სალოცავია გერი - გერის წმინდა გიორგი და დღეობა. გერი და გერისთობა დიდი რწმენისა და შთაგონების მოვლენა იყო. მისი ძალა ზემო იმერეთში, გარე კახეთსა და სხვა კუთხეებშიც გადადიოდა.

გერისთობა შიდა ქართლის რამდენიმე მეზობელი სოფლის ყოველწლიური, ტრადიციული დღეობა იყო და არის. ეს სოფლებია: არბო, ქორდი, დიცი, მერეთი და ქსუისი. გერისთობას სამი სწორი ჰქონდა: თავგერისთობა, რომელიც მარიამობის შემდგომ კვირას მოდიოდა; შუაგერისთობა, სექტემბრის პირველ კვირას. ეს უკვე ნახსენები სოფლების სასოფლო დღეობა იყო და ბოლო გერისთობა - მესამე კვირას.

XIX საუკუნეში გერში სწირავდა სასულიერო პირი იაკობ ლომოური. ლომოურები პატარა ლიახვის ხეობელები არიან. ბოლოს სოფელ არბოში სახლობდნენ. წარმოშობით კი სოფელი სათიხარი იყო მათი სამკვიდრო. ახლა სათიხარი ოსური სოფელია... გერის სალოცავი, ეკლესია გუდისის მთის სამხრეთ კალთის თხემზე, ყვავილ-ბალახით მოსილ ზეგანზე მდებარეობს. ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრიდან გადმოჰყურებს შიდა ქართლის ბარს. თითქმის 30 წელიწადია, ქართველი მოსახლეობა ვეღარ მიდის გერში მოსალოცად...

  • უძველესი დასურათებული სახარება ეთიოპიაშია

გარიმას კოდექსი ანუ გარიმას ორი სახარება უძველესი შემონახული ეთიოპური ხელნაწერი წიგნებია. ეს მანუსკრიპტები ინახება ეთიოპიის ქალაქ ადუას მახლობლად მდებარე წმინდა გარიმას მონასტერში. ერთ-ერთი ხელნაწერი - გარიმა 2 წარმოადგენს ყველაზე ძველ ილუმინირებულ, ანუ ფერადი მინიატიურებითა და ორნამენტებით შემკულ ქრისტიანულ მანუსკრიპტს. წიგნები დათარიღებულია რადიონახშირბადული ანალიზით 330 და 650 წლებს შორის პერიოდით. ძველეთიოპური აქსუმის სამეფო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, ვინც ქრისტიანობა მიიღო IV საუკუნეში. მანუსკრიპტები გარიმა 1 და გარიმა 2 სხვადასხვა კალიგრაფიით არის გადაწერილი, თუმცა ერთ სტილშია შემკობილი. პირველ წიგნში 348 გვერდია, რომელთაგან პირველი 11 გვერდი მეტად მდიდრულად არის ილუსტრირებული. მეორე წიგნი 322 გვერდისგან შედგება, სადაც მინიატიურებით ილუსტრირებულია პირველი 17. მათ შორის არის ოთხი მოციქული - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ასევე, იერუსალიმის ტაძრის უჩვეულო გამოსახულება...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • სიახლე. ექვთიმეს შვილობილი ლიდა, ანუ ციმბირელი თაყაიშვილები
  • უცხოელები და საქართველო. იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში (დასასრული)
  • უცხოური პრესა საქართველოს შესახებ. 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი და საქართველო
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა ბრეჟნევის მმართველობისას / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
  • ეთნოლოგია. მარიამობა
  • ქართველები უცხოეთში. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე - “ერთგული საკუთარი ფესვებისა” / მხატვრისა და მოცეკვავის გრძელი გზა აღიარებისკენ ბრაზილიასა და საფრანგეთში (დასასრული)
  • ისტორიის ლაბირინთებში. მითი და სინამდვილე მსხვერპლშეწირვის შესახებ
  • ქართული ალპინიზმი - 100. მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად
  • ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მეორე ზამთრის ლაშქრობა, ანუ უკრაინელები არ ნებდებიან!