ავტორი:

"არ აინტერესებთ, რომ ისვენებ და სანაპიროზე მაინც შარვალ-კოსტიუმით არ გინდა სიარული, გაჯარიმებენ" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებით უკმაყოფილო რუსი ბლოგერი

"არ აინტერესებთ, რომ ისვენებ და სანაპიროზე მაინც შარვალ-კოსტიუმით არ გინდა სიარული, გაჯარიმებენ" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებით უკმაყოფილო რუსი ბლოგერი

"თუ გინდათ საცურაო კოსტიუმით იაროთ, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ", - ასეთია ახალი კანონი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შემოიღეს და პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.

"ეს ადგილი უკვე იმდენად საშიში და არაკომფორტული გახდა, გამოუვალ სიტუაციაშიც კი არ ღირს დასასვენებლად ჩამოსვლა", - ასე ეხმაურებიან რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში დრესკოდის დაწესებას.

ყოველ წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში უამრავი რუსი ბლოგერი ჩადის. მათი ნაწილი აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობისა და რუსული პოლიტიკის მეხოტბეა, რეგიონში არსებულ პრობლემებს არ იმჩნევს და "ყოველ მომდევნო ჯერზე კიდევ უფრო განვითარებულ ტურიზმის სფეროს" უამრავ ბლოგსა და სიუჟეტს უძღვნის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რეგიონში არსებულ რეალობას შეულამაზებლად აღწერს, რითაც აფხაზების აგრესიას იწვევს.

dzen.ru-ს ბლოგერის ცნობით, რეგიონში "სიურპრიზებით" დახვდნენ: "შარშან, სოხუმში, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მაჩვენეს ადგილი, სადაც მანქანის გაჩერება შემეძლო, წელს რომ ჩავედი, იგივე ადგილას გავაჩერე, მეგონა, უსაფრთხოდ, მაგრამ მოვიდნენ და დამაჯარიმეს, თან გაღიმებულმა ამიხსნეს, გერჩივნოთ, ჯარიმის გადახდა, თორემ გეტყვიან, რომ ხელს უშლი და მანქანას დაგილეწავენ, შენ კი ვერაფერს ეტყვიო.

მეგონა, ეს პირველი სიახლე იყო, რაც აფხაზეთში დამხვდა, მაგრამ ასე არ არის. ჩაცმაზე დრესკოდი დაუწესებიათ. აფხაზეთი რომ კავკასიაა, იქ თავიანთი წესები და ტრადიციები აქვთ, თურმე საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმით შესვლა, მათი ღირსების შელახვად ითვლება, ამიტომ, ქალებმაც და კაცებმაც მოკრძალებულად უნდა ჩაიცვათ, თორემ დაგაჯარიმებენ. თან პირველი სექტემბრიდან, ფინანსური სანქცია ოცმაგდება, არ მოგესმათ.

ადგილობრივებს როგორ აცვიათ? მოკრძალებულად. მოკლე ქვედა ბოლო და ე.წ. ტოპი, აუცილებლად განხილვის თემა ხდება და აგრესია მოჰყვება. ადგილობრივები მაშინვე გეტყვიან, მთის ადათებს გიხსენებენ და "ჯადოსნურ" სიტყვა апсуара-ს ამბობენ, რაც მათ ენაზე, მორალურ-ზნეობრივი კოდექსის დაცვას ნიშნავს. სინამდვილეში, ძველი ტრადიციები, კავკასიური მენტალიტეტი ჯერ კიდევ ძლიერად არის ფესვგადგმული...

ამასწინათ, ჩემს წინ, ახალგაზრდა რუს გოგონებს მიადგა მილიცია. არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ საცურაო კოსტიუმებით იყვნენ, ერთ ნაბიჯში მივდივართო, ეხვეწნენ, უღიმოდნენ, ლამის ტელეფონის ნომერი მისცეს, მაგრამ არ გაჭრა. მილიციამ ისეთი მკაცრი სახით დააჯარიმა, მეგონა შემდეგი ნაბიჯი გაროზგვა იქნებოდა. უთხრა, რომ "გაფრთხილება" თითქმის ყველა ნაბიჯზეა და შეუძლიათ წაიკითხონ. დიახ, არ აინტერესებთ, რომ ისვენებ და ზღვის სანაპიროზე მაინც შარვალ-კოსტიუმით არ გინდა სიარული. თუ თქვენ დადიხართ პლაჟზე საცურაო კოსტიუმით, მაშინ კანონს არღვევთ. "апсуара!" - ირონიულად წერს ბლოგერი.

სოციალურ ქსელში აფხაზები მას სასტიკად აკრიტიკებენ და ადგილობრივების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებენ.

არიან ისეთებიც, ვინც თავად ეწინააღმდეგება დრესკოდს, რადგან მიაჩნია, რომ აფხაზეთი საკურორტო ადგილია და საცურაო კოსტიუმებში ჩაცმული ადამიანები არავის უნდა უკვირდეს.

"ასე აცვიათ სოჭში, ადლერში, სხვა საკურორტო ადგილებში, მაგრამ არავისთვის მენტალობა არ წაურთმევიათ. რა შემოიტანეთ ეს ჩაცმის შეზღუდვა. აქამდე თუ არ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, ახლა რა შეიცვალა?" - წერს ფატიმა სანღულია.

"რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ ჩვენს "სახალხო გმირს", იარაღის მოყვარულ ახრა ავიძბასაც ჰქონია ტურისტული სექტორები და კატეგორიულად აუკრძალავს იქ საცურაო კოსტიუმში ჩაცმული ტურისტების შესვლა. ჯერ ძალიან გამიკვირდა, რომ იქ საგმირო საქმეებს ჩადის და აქ ბიზნესი აქვს, როდის იცლის, რანაირად, თუ ბრძოლაში "ცოცხალ გმირს" ცოტას უხდიან და აქაც მოუნდა შემოსავალი. რუსეთის დიდებისთვის იბრძვის, მაგრამ მათი ცხოვრების წესი არ მოსწონს? რატომ გვეგონა, რომ მხოლოდ ზნეობას და მაღალ მატერიალებს აღიარებდა",- წერს "იასონ აფხაზი".

ნაწილის თქმით, ჯარიმა, რომელიც საცურაო კოსტიუმით სანაპიროს გარეთ სიარულს ითვალისწინებს, აქამდეც უნდა შემოეღოთ, თუნდაც იმიტომ, რომ რუსები მათ ხშირად ეუბნებიან, რომ ცოტაც და "ყველანი ერთი კანონით იცხოვრებენ და უნდა დაინახონ, რომ ასე არ იქნება".