ავტორი:

"ეს გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ

"ეს  გოგოსთვის განსაკუთრებით რთულია..." - სად არიან ზელენსკის შვილები  და რას ჰყვება ოლენა ზელენსკა 19 წლის ქალიშვილისა და 10 წლის ვაჟის შესახებ

სად არიან ახლა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შვილები, სად სწავლობენ და რატომ არ ჩნდებიან საჯარო სივრცეში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ? რას ამბობს პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ბავშვებზე და პრეზიდენტი მამა - ამ თემაზე უკრაინულ მედიაში ვრცელი სტატია ქვეყნდება.

სად არიან უკრაინის პრეზიდენტის შვილები? - ეს კითხვა ყოველთვის ჰქონდათ უკრაინელებს, თუმცა ახლა კიდევ უფრო დიდი ინტერესია ამ თემის მიმართ, რადგან ზოგიერთმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, რომელთაც ზრდასრული ვაჟები ჰყავდათ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა შვილები ფრონტზე არ მოხვედრილიყვნენ. ცნობილია, რომ ბევრმა შვილებს უკანონოდ, ყალბი საბუთებით გადააკვეთინა საზღვარი.

  • თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, იგივე არ შეიძლება ითქვას ზელენსკის შვილებზე, 10 წლის ვაჟზე, კირილსა და 19 წლის ქალიშვილ ალექსანდრაზე. სინამდვილეში, ეს თემა თავად ზელენსკის ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეულია.

"მე მიყვარს ისინი და რა თქმა უნდა - ჩემი მეუღლე. ჩემი შვილები ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მათ ხშირად არ ვნახულობ. საერთოდ ვერ ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის შვილების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, უფროსი ქალიშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სოციალური ქსელის საშუალებითაც შეიძლებოდა.

ახლა ალექსანდრას შესახებ დეტალები უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან.

ზელენსკიმ ომის დაწყების მეორე დღეს თქვა, რომ მისმა ოჯახმა არ დატოვა უკრაინა, მაგრამ ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, რადგან პრეზიდენტის ოჯახი მტრის ნომერ მეორე სამიზნეა (პირველს უწოდებენ სახელმწიფოს მეთაურს).

მაშინ მთელ ოჯახს აუკრძალეს ინტერნეტით და ზოგადად, ტელეფონებით სარგებლობა. როდესაც უსაფრთხოების ზომები შემსუბუქდა, ალექსანდრა მაინც არ დაბრუნებია საზოგადოებრივ ცხოვრებას. იმის შესახებ, თუ სად არიან ახლა ის და მისი ძმა, მშობლები მოკლე ინტერვიუებში საუბრობენ. კერძოდ, გერმანული გაზეთ Bild-ის ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ გულწრფელად უპასუხა კითხვას, გაიყვანა თუ არა თავისი შვილები ქვეყნიდან სრულმასშტაბიანი ომის დროს.

პრეზიდენტის თქმით, მისი ქალიშვილი და ვაჟი, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, უკრაინაში იმყოფებიან.

"ჩემი შვილები უკრაინაში არიან, ჩემი ვაჟი 10 წლისაა და უკრაინაშია, საზღვარგარეთაც შეიძლებოდა წაყვანა, მაგრამ არც მე და არც ჩემი ცოლი ამაზე არც ვფიქრობთ. სანამ სხვა ბავშვები კვდებიან, ჩვენი შვილები საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ და გაირუჯონ სანაპიროზე? ეს იქნება უსამართლობა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • რა არის ცნობილი ზელენსკის ქალიშვილის შესახებ?

ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ 19 წლის იუბილე აღნიშნა. გოგონამ უარი თქვა უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე და ახლა დედაქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ქალიშვილის ცხოვრების ახალ ეტაპზე, მომზადებისა და გამოცდილების შესახებ ისაუბრა:

"ყველაზე რთული, ვფიქრობ, ქალიშვილისთვის ბოლო თვეები იყო, რადგან სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა და საერთოდ, ეს ის ასაკია, როცა გოგოსთვის რთულია. განსაკუთრებით რთულია ახლა, ამ პირობებში. თავიდან ვნერვიულობდით სკოლის დასრულებაზე, შემდეგ ყველა გამოცდაზე, რომელიც წარმატებით ჩააბარა, მერე ვნერვიულობდით, რა იქნებოდა, როგორ აღიქვამდნენ მას უნივერსიტეტში, გასაგებია, რომ ყველა მიხვდება, ვინ არის მისი მამა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისთვის ეს დაძაბულობა ჩაცხრა, რადგან იპოვა მეგობრები და დიდი შთაგონებით დაიწყო სწავლა. მას მოსწონს ეს პროცესი", - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.

  • რა არის ცნობილი ზელენსკის ვაჟის შესახებ?

პრეზიდენტის უმცროსი შვილის შესახებ კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი, ის სკოლის მოსწავლეა. ომის დაწყებამდე დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა, დაწესებულების დირექტორის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იგრძნობოდა, რომ მათ სკოლაში პრეზიდენტის შვილები სწავლობდნენ.

"ჩემი შვილისთვის ახლა ალბათ უფრო რთულია, ვიდრე ორი წლის წინ იყო, რადგან ის იზრდება, მას ესმის იმ ყველა გამოწვევის, რომელსაც მამამისი აწყდება. ადრე მხოლოდ მისით ამაყობდა. როდესაც ვოლოდიმირი პრეზიდენტი გახდა, (შვილი - რედ.) უბრალოდ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ჩვენს ოჯახში, რადგან მამას ჩემპიონად აღიქვამდა. არ ესმოდა, რომ ამის შემდეგ მამა სახლში თითქმის აღარ იქნებოდა, რომ უფრო გაუჭირდებოდა მასთან ურთიერთობა", - განაცხადა პირველმა ლედიმ.