ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება ჩოხატაურში - "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წევრს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხმაური და დაპირისპირება ჩოხატაურში -  "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წევრს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩოხატაურში ხმაური და დაპირისპირებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს "ქართული ოცნების" „ზონდერები“ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.

„ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა“,- აღნიშნავენ პარტიაში.

როგორც დავით მჟავანაძემ განმარტა, „ქართული ოცნების“ სახეს მოძალადეები წარმოადგენენ.

„კრიმინალმა ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალური სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩოხატაურის ინტერესებს წარმოადგენენ. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და „კლანი“. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და ესენი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.