ავტორი:

"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი

"ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს" - გია ხუხაშვილი

ვფიქრობ, ის ოპოზიციური პარტია, რომელიც იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, საკუთარ პოლიტიკურ სუიციდს მოაწერს ხელს იმიტომ, რომ სრული აბსურდია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ ასამარებს.

"ველოდები, რომ შეიძლება "ქართული ოცნებიდან“ ვიღაცებმა იმპიჩმენტს ხელი არ აუწიონ, ისეთი აბსურდია. ფაქტობრივად, ეს აქტი ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ დაასამარებს, განა იმიტომ, რომ სალომე ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური ანუ იმ ადამიანების გაგებით, ვინც ჩვენ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ, არის ცენტრალური ფიგურა. დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი. შესაბამისად, თუ მის იმპიჩმენტს ვინმე მხარს დაუჭერს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი ხელისუფლებისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ თამაშზე მიდის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა, თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადოს და თუ ვერ მიიღო, ოპოზიციას დააბრალოს და შემდეგ საბოტირებაში დაადანაშაულოს.

"შესაბამისად, ამ პოლიტიკურ და ტაქტიკურ მონახაზში სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება. შეიძლება ითქვას, ფეხებში ებლანდება ხელისუფლებას და ბუნებრივია, ეს აღიზიანებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილს ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანის გარდა, ევროპაში ხელს არავინ ართმევს. სტატუსის მიღების დაბრალება და საკუთარ დამსახურებად გამოცხადება ძალიან პრობლემატურია, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ყველა გულში იხუტებს. მაღალია რისკი იმისა, რომ, მეტი დამსახურება მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე ღარიბაშვილს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია და წმინდა პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში უყურებენ ამ ყველაფერს, ნერვიულობენ და შესაბამისად იქცევიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ევროპელი ლიდერების თვალთახედვით, ამ საკითხზე სერიოზული კითხვები ჩნდება, რადგან მათთვის გაუგებარია, რატომ უკრძალავს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებას.

"ვფიქრობ, ეს არის თემა, რომლის პოლიტიკურად მოგება სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ყველა ინსტრუმენტი და არგუმენტი აქვს ამისთვის. ოპოზიციასაც შეუძლია, რომ ამაზე ააგოს მისთვის პოზიტიური გარკვეული პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სკეპტიციზმის საფუძველიც გვაქვს. ასეთი შანსი ოპოზიციას არაერთხელ მისცემია, მაგრამ ოპოზიცია ვერ იყენებს. აქედან გამომდინარე, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, როგორ დამთავრდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, შანსი არსებობს, რომ ხელისუფლებამ ეს რაუნდი წააგოს იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპერსპექტივას“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ის ფიქრობს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის კონსტიტუციის სწორი ინტერპრეტირება, მან პოლიტიკური რისკებისგან ქვეყანა უნდა დააზღვიოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

"ფაქტობრივად, მთავრობამ პრეზიდენტი შეზღუდა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. 78-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს და ასე შემდეგ. პრეზიდენტის განაცხადი იყო ასეთი, რომ ის მიდიოდა ვიზიტით ამ კონსტიტუციური მოვალეობის შესასრულებლად. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აუკრძალა მას საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულება და კონსტიტუციის სხვა მუხლი მოიშველია. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს გარკვეული კოლიზია კონსტიტუციის 2 ნორმას შორის. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი კომპრომისული განმარტებები უნდა გააკეთოს, ეს კოლიზია როგორ ავიცილოთ თავიდან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემით "ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი გაუჩნდა, ხუხაშვილის თქმით, ამაზე საუბარი "ძალიან დიდი უღირსობაა“.

ეს არის ამორალური, თუმცა არ მიკვირს. "ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება“ არიან ის პარტიები, რომლებიც ასე აზროვნებენ. საკუთარი ინტერესის პრიზმაში უყურებენ ამ სახელმწიფოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავისთავად ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ეს უკვე საზოგადოების შეურაცხყოფაა. რაზე ვაჭრობენ? სტატუსით ივაჭრონ მიხეილ სააკაშვილის გაშვებაზე? ივაჭრონ და რითაც დამთავრდება, ნახავენ - დამთავრდება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ გარიგებაში არ შევა. ამით კიდევ უფრო მეტად მოიგებს, კიდევ უფრო მეტად გაერკვევა საზოგადოება, რომ ეს ორი პარტია, საბოლოოდ, ქართული პოლიტიკური რუკიდან მოსაშორებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, "ქართული ოცნების” აქტივისტები მათ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"კონფლიქტის თემა ცემა-ტყეპით გადაიფარა. ეს არის ამ ორი პარტიის ზნე. სხვა საკითხია, რომ მუშტი-კრივი არის კრიმინალი და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ორი პარტია სანამ იარსებებს, ჩვენი პოლიტიკა შინაარსისგან იქნება დაცლილი“, -განაცხადა ხუხაშვილმა.