ავტორი:

"ბატონი კარლო კალაძისთვის არა, სამტრედიისთვის იყო სიურპრიზი" - რას ამბობს შორენა ამაღლობელი ფეხბურთის ბურთის ძეგლზე, რომელიც სამტრედიაში დადგა?

"ბატონი კარლო კალაძისთვის არა, სამტრედიისთვის იყო სიურპრიზი" - რას ამბობს შორენა ამაღლობელი ფეხბურთის ბურთის ძეგლზე, რომელიც სამტრედიაში დადგა?

ამ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მშობლიურ ქალაქში ბურთის ფორმის ძეგლი დაიდგა. ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ აღნიშნული ძეგლი რეალურად ქალაქის კი არა, თბილისის მერის მამის კარლო კალაძის დაბადების დღის საჩუქარი იყო.

მედიის ინფორმაციით, მინიციპალიტეტის შესასვლელში ფეხბურთის ბურთის კონსტრუქცია საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ამბის გავრცელების შემდეგ, აღნიშნულზე კომენტარი დედაქალაქის მერმაც გააკეთა. თბილისის მერი ამბობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.

"ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვართ სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, სოციალურ ქსელში შორენა ამაღლობელის სახელით განცხადება გავრცელდა. ქალი წერდა, რომ ბურთის ძეგლი საკუთარი ხარჯით დადგა და ამით კეთილგანწყობა გამოხატა სამტრედიის მიმართ.

დეტალების გასარკვევად ქალბატონ შორენას Ambebi.ge პირადად დაუკავშირდა:

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ფესვები და წინაპრები სამტრედიელები არიან და ჩემი დედა ადგილი სამტრედიაა. 17 წელია, რაც შშმ პირებს ვპატრონობ, საკუთარი დაფინანსებით, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. 19 წლის ბავშვს, ჩემ ძმისშვილს, შშმ პირს, რომელიც დედის გარეშეა, მე ვზრდი. ეს ადამიანი ვარ მე და ქუთაისში თუ რამეში ვმონაწილეობ, მხოლოდ კარგ საქმეებში. ჩემი სათქმელი ისაა, რომ შევეჯიბროთ სიკეთის კეთებაში ერთმანეთს. მე და ჩემ ძმას ქუთასში მეცენატებს გვიწოდებენ. თავის ქებაში არ ჩამომართვათ და შეგიძლიათ ქუთაისში მოგვიკითხოთ, ტყუპებს გვეძახიან მე და ჩემ ძმას.

მამაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა, სულ ჰქონდა ფეხბურთელების ფოტოები გაკრული. ჩემთვის სამტრედია ასოცირდება სპორტთან და ჩემს ქალაქს ის საჩუქარი გავუკეთე, რასაც იმსახურებს. წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.

- თქვენი ძმის "ფეისბუქგვერდი" რომ ვნახეთ, ფოტოების მიხედვით, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ კალაძის ოჯახთან, ნათესავები ხართ?

- კალაძის ოჯახთან არ მაქვს მარტო ურთიერთობა, სამტრედიაში ბევრთან ვახლობლობ. რაც შეეხება კალაძის ოჯახს, უფლება მაქვს ვისთანაც მინდა ვიახლობლო. მამას ძალიან უყვარდა სპორტი, ამის გამო გავაკეთე ეს ძეგლი. ქუთაისშიც ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული საკუთარი ფინანსებით. ასევე მწერალი ვარ, წიგნები მაქვს დაწერილი, სიმღერები, ლექსები. ერთი წუთი არ დამიტოვებია ჩემი საქართველო, რაც შემიძლია ჩემ შრომასა და ენერგიას ვდებ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

- ბატონმა კარლომ რომ გაიგო თქვენი იდეის შესახებ, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ბატონი კარლოსთვის არა, სამტრედიისთვის იყო სიურპრიზი. ძალიან მალე ჩემ ძამიკოსთან ერთად, ჩემი ბიუჯეტით გავაკეთე. არ მოვიტყუები, ეკლესიური ადამიანი ვარ და 20 წელი მონასტერში ვცხოვრობდი და გეტყვით, რომ ბიუჯეტიდან ლარი არ დახარჯულა ამ პროექტზე. კალაძეებთან კი მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებს.

- თუმცა იაფი არ დაჯდებოდა, ვინ არის ძეგლის ავტორი?

- რა თქმა უნდა, იაფი დღეს არაფერი ჯდება. ძეგლის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა, ჩემი მეგობარია, უნიჭიერესი ადამიანი. ქუთაისშიც არის ანალოგიური ძეგლი დადგმული.

- როდის გაიხსნა სამტრედიაში ეს ძეგლი?

- 1-ლ სექტემბერს ჩავიტანეთ და დავდგით.

- ამბობდნენ, რომ თითქოს 2 სექტემბერს ბატონი კარლო კალაძის დაბადების დღეზე დადგით.

- პირველში ჩავიტანეთ, უბრალოდ, სიმბოლურად დაემთხვა 2 სექტემბერს გახსნა, ალბათ, დაბადების დღის სურათები ნახეთ და იმიტომ მეკითხებით.

- კახა კალაძე როგორ შეხვდა ძეგლის იდეას?

- თავად ჰკითხეთ და გეტყვით. საქართველოში თუ რაიმე კეთდება, ყველა ქართველსა და კარგ ადამიანს უხარია. გაუხარდებოდა, რა თქმა უნდა, მთელი ბავშვობა იქ აქვს გატარებული.

- ბიუჯეტს არ გაგვიმხელთ?

- ფინანსებზე ლაპარაკი არ მინდა, ჩემი ჯიბიდან გადავიხადე ეს ფული... იმ ადამიანებს, ვინც გამაკრიტიკა, ვეტყვი, - შევეჯიბროთ სიკეთეში ერთმანეთს. მიხარია, რომ გუშინ ყველა ტელევიზიის თემა ეს იყო და ჩემი სამტრედია გამოჩნდა.