ავტორი:

ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

ყირიმელი თათარი დასავლური განათლებით და აღმოსავლური კავშირებით - ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

უკრიანაში სკანდალები გრძელდება. ამჯერად მის ეპიცენტრში მორიგ ჯერზე ალექსეი რეზნიკოვი აღმოჩნდა, რომელიც 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რეზნიკოვს გასული წლიდან მოყოლებული კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. 2022 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, - თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებს ზამთრის სამხედრო ტანსაცმლის ნაცვლად ზაფხულის ტანსაცმელი შეუძინაო...

ა.წ. 10 აგვისტოს გამოცემამ "Зеркало недели" გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ლაპარაკია 2022 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული კომპანია “Vector avia”-სგან ზამთრის ქურთუკების ნაცვლად საგაზაფხულო ქურთუკების შეძენაზე. თუმცა თავდაპირველი ფასიდან, რომლის მიხედვითაც 1 ქურთუკი 29 დოლარი ღირდა, მოულოდნელად 86 დოლარი გახდა. სამინისტროს სულ 4 900 ზამთრის ქურთუკი ჰქონდა შეკვეთილი და ამაში 142 ათასი დოლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა საბოლოო ფასმა 421 000 დოლარი შეადგინა. "Украинская правда"-მ კი დაადგინა, რომ ამ თურქული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი პარტია "სახალხო დეპუტატის“ და უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, გენადი კასაის ბიძაშვილი, ალექანდრ კასაია.

გამოძიების შემდეგ, იმჟამად ჯერ კიდევ მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა "Украинская правда"-ს ჟურნალისტსა და დეპუტატ ანასტასია რადინას სანაძლეო შესთავაზა, რომ თუ გამოძიება მათ ბრალდებას დაადასტურებდა, რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩი 3 წლით შეწყვეტდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

შეგახსენებთ, მანამდე რეზნიკოვის უწყება ჯარისკაცებისთვის საკვებისა და ეკიპირების შესყიდვის სკანდალში გაეხვა.

გამოძიებამ გაიხსენა რუსეთის შეჭრის პირველი თვეებიც, როდესაც სამინისტრომ მეოთხე კლასის ჯავშანჟილეტები 42 ათას გრივნად შეიძინა. თუმცა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ასეთი კლასის ჯავშანჟილეტი რეალურად გაცილებით იაფი ღირდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჯარისკაცებისთვის ვეგეტარიანული საკვების შეძენა სამინისტროს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც ასევე გაცილებით დიდი თანხა იყო რეალურ ღირებულებასთან შედარებით.

რომ დავუბრუნდეთ რეზნიკოვს, რეალურად კონკრეტულად მას არავინ ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებებში, რადგან გამოძიება ახლა მიმდინარეობს, თუმცა, რადგან თავისსავე სანაძლეოს მერე გადადგა, შესაძლოა, რაიმე სახის კავშირები ჰქონდეს ზემოხსენებულ გამოძიებებთან.

  • ვინ გახდა უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი?

ზელენსკიმ რადას მინისტრობის კანდიდატად რუსტამ უმეროვი წარუდგინა. 6 სექტემბერს რადამ წარდგენილი კანდიდატურა დაამტკიცა. აქამდე რუსტამი სახელმწიფო ქონების ფონდის მმართველი იყო. აღსანიშნავია, რომ უმეროვი ყირიმელი თათარია და მის ამ პოზიციაზე დანიშვნა ყირიმის დეოკუპაციის კამპანიაში სიმბოლურიც არის.

ის 1982 წელს, იმჟამინდელ უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკაში, კერძოდ, სამარყანდში, დეპორტირებული ყირიმელი თათრების ოჯახში დაიბადა. რეპატრიაციის შემდეგ ყირიმში გიმნაზია დაამთავრა და ამერიკული პროგრამის "მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამების“ (FLEX) მონაწილე გახდა.

აქვს ბიზნესი ამერიკაში და ხშირად აფინანსებს ყირიმ-თათრულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

უმეროვს ასევე კარგი კონტაქტები აქვს თურქეთთან, რომლის ხელისუფლებას ომის დაწყების დღიდან პროუკრაინული პოზიციისთვის მადლობას უხდის. კერძოდ, ის ყირიმელი თათრების ლიდერის, მუსტაფა ჯემილევისთან დაახლოებული პირია. მუსტაფა პროუკრაინელი ყირიმელი თათარია, რომელიც ნახევარკუნძულის ბლოკადის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, როდესაც ის რუსეთმა მიითვისა. ჯემილევი უმეროვს "ყურიმ-თათრების ერის მომავალ ლიდერად“ მოიხსენიებდა ხოლმე.

უმეროვის უმცროსი ძმა რუსლანი, ასევე ბიზნესმენი და ყირიმელი თათრების მეჯლისის დამფინანსებელია. სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია რუსეთში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.

უმცროსი უმეროვი უმაღლესი რადის დეპუტატია.

უკვე მინისტრი უმეროვი პირადად იცნობს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ნატო-ში ყირიმელი თათრების მფარველად მიიჩნევა. ასევე სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ უმეროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა რამდენიმე დღის შემდეგ დაანონსდა, რაც ერდოღან-პუტინის შეხვედრა ჩაინიშნა.

უმეროვი, რომელიც თურქეთის მთავრობასთან ისედაც დაახლოებლი პირია, მუსლმანია და სერიოზული გავლენები აქვს ყირიმშიც, არ არის გამორიცხული, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, თურქეთი უკრაინას კიდევ უფრო აქტიურად, მათ შორის სამხედრო ტექნიკით, დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკი უმეროვს ენდობა. აღსანიშნავია, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებების მონაწილე იყო.

რუსტემ უმეროვი დაქორწინებულია ლეილა სეიდ-იაღია კიზიზე. წყვლი ორ შვილს ზრდის - ვაჟ სეიდ ახმედს და ქალიშვილ მერიემს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე