ავტორი:

ქართველმა ნეიროქირურგმა 13 წლის პაციენტი ხელის ამპუტაციას გადაარჩინა - რუდიკო ჯიგანიას კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია

ქართველმა ნეიროქირურგმა 13 წლის პაციენტი ხელის ამპუტაციას გადაარჩინა - რუდიკო ჯიგანიას კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია

13 წლის ბარბარე შუბითიძემ, ძიუდოს მორიგი შეჯიბრის დროს, ხელის მძიმე მოტეხილობა მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, სადაც ქირურგიული ჩარევა, ოსტეოსინთეზის მეთოდით განხორციელდა. თუმცა, ოპერაციის შემდეგ, ბარბარე მე-4 და მე-5 თითს საერთოდ ვერ ამოძრავებდა და მნიშვნელოვნად ჰქონდა დაქვეითებული ხელის ფუნქცია.

როგორც ბარბარეს დედა იხსენებს, მკურნალი ექიმი აიმედებდა, რომ ხელის ფუნქცია დროთა განმავლობაში აღდგებოდა, თუმცა დრო გადიოდა და ბავშვი სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს.

„მკურნალმა ექიმმა გვირჩია, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში, ბარბარეს ხელი უმოძრაოდ ჰქონოდა. ჩვენც მივყევით მის რეკომენდაციას, თუმცა გაუმჯობესების ნაცვლად, მდგომარეობა გაუუარესდა. ფუნქცია დაქვეითებულმა კიდურმა დაიწყო განლევა და უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო, კიდურის მძიმე დაზიანება. გამოსავალი რომ ვერ ვნახეთ გადავწყვიტეთ, ბარბარე საზღვარგარეთ წაგვეყვანა, რადგან გვეგონა, რომ საქართველოში მისი პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო. ამ დროს, ახლობელმა გვირჩია, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ნეიროქირურგ - რუდიკო ჯიგანიასთვის მიგვემართა. სოციალურ ქსელში მასზე ბევრი დადებითი ინფორმაცია წავიკითხეთ და გადავწყვიტეთ, საზღვარგარეთ წასვლამდე, ერთხელაც გვეცადა“, - გვიყვება პაციენტის დედა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - რუდიკო ჯიგანია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებებსა და გვირაბული არხის სინდრომს მკურნალობს. ბარბარეს, მასთან ვიზიტისა და გასინჯვის შემდგომ, დაენიშნა შესაბამისი კვლევები, რომლის საფუძველზე, დაიგეგმა სასწრაფო ოპერაცია.

„ბარბარეს ჩატარებული ჰქონდა ოპერაცია, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო, ასევე, უშედეგოდ მიმდინარეობდა კონსერვატიული მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში, ოქროს სტანდარტია ელექტრონეირომიოგრაფია და ექოსკოპია. ექოსკოპიის პროცესს თავად ვესწრებოდი და დეტალურად დავათვალიერე მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ 2 ნერვი იყო დაზიანებული. სასწრაფოდ დაიგეგმა ოპერაცია - იდაყვის ნერვის ნევროლიზი და ნერვის ტრანსპოზიცია. ნერვი მისთვის უფრო ხელსაყრელ ადგილზე უნდა გადაგვეტანა,“ - განმარტავს რუდიკო ჯიგანია.

გადაწყდა, ოპერაციის რეგიონალური ანესთეზიით ჩატარება, რადგან ის ნაკლებად ინვაზიურია.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბარბარესთვის კი ამ პროცესს ზედმეტი ემოციური სტრესი არ მიუყენებია.

„ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ვცდილობთ, ნებისმიერმა პროცედურამ ზედმეტი სტრესის გარეშე ჩაიაროს. ოპერაცია ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. „ნიუ ჰოსპიტალსი“ და მისი აპარატურული აღჭურვილობა მაძლევს შესაძლებლობას, ქირურგიული ჩარევები, მაქსიმალური სიზუსტით განვახორციელო. ზოგადად, ნეიროქირურგიული ჩარევების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალურ-ინსტრუმენტული მრავალფეროვნება, რათა შესაძლებელი იყოს საუკეთესო გამოსავლის მიღება, პაციენტისთვის. ნიუ ჰოსპიტალსის თანამედროვე აღჭურვილობა და უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კი ამის საშუალებას მაძლევს.“ - აღნიშნავს რუდიკო ჯიგანია.

წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბარბარეს მედიკამენტური მკურნალობა და ნეირორეაბილიტაციის კურსი დაენიშნა. 3 თვეში დადებითი დინამიკა უკვე ადვილად შესამჩნევი იყო. ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ კი სრულად დაიბრუნა კიდურმა ფუნქცია.

„რუდიკო ექიმს არა მხოლოდ ოქროს ხელები, არამედ ოქროს გული აქვს. მის ჰუმანურობაზე ძალიან ბევრი შემიძლია გესაუბროთ. როდესაც პირველად კონსულტაციაზე მივედით, შვებულებაში გასვლას გეგმავდა, თუმცა ბარბარეს ოპერაციის გამო, რომელიც სასწრაფოდ იყოს ჩასატარებელი, გეგმები შეცვალა და შვებულება გადადო. ოპერაციის შემდეგ კი ყოველ საღამოს, ვიდეოზარით გვიკავშირდებოდა და აკვირდებოდა კიდურის რეაბილიტაციის პროცესს. ბარბარეს მხოლოდ შრამი დარჩა, რომელიც ამ ისტორიას გაახსენებს. რუდიკო ექიმის დახმარებით ბავშვი სრულყოფილ ცხოვრებას დაუბრუნდა,“ - გვიყვება ბარბარეს დედა, ირმა.

ბარბარე უკვე 14 წლისაა და მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ახლა კი გეგმავს, რომ საყვარელ სპორტსაც დაუბრუნდეს.

R