ავტორი:

"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე

"ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!" - მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე

ადამიანი ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი - ის დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?! - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის და ისე დამაზიანებლად იქცევა, რომ “შეფუთვაც აღარ შველის და მარტივად იშიფრება“.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც თქვა, რომ ისრაელში პრეზიდენტს - კომპეტენციის მკაფიო გამიჯვნისა და გარკვეული გამოწვევების გამო - უცხოეთის ქვეყნებში გასვლაც კი ეკრძალება, არა თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

“ძალიან უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო - უკვე ხომ უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. თავის დროზე, ისრაელის კანონმდებლებმა და მოქალაქეებმა კონსტიტუციაში ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლაც კი მთავრობის თანხმობას საჭიროებს, რადგან შეიძლება ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს - დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც სახელმწიფოს მხრიდან განაცხადია, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს.

როცა თავის დროზე კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იწერებოდა არ გვიფიქრია, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. კიდევ კარგი, რომ კონსტიტუციით კომპეტენცია მკაფიოდ არის გამიჯნული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, უდავო ფაქტია, რომ პრეზიდენტს საგარეო უფლებამოსილების განხორციელებაში მთავრობის მხრიდან დელეგირება არ ჰქონდა და მან კონსტიტუცია დაარღვია.

“კითხავს სვამთ, რომ ის კარგ საქმეზეა წასული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის - ჩვენ ამაშიც კი ეჭვი გვეპარება! სულ რომ შეცდომა დაეშვა მთავრობას, არასწორად შეპარვოდა ეჭვი და ვერ გაეთვალა, რომ ეს ადამიანი მართლაც ევროპულ მომავალზე ზრუნავს, კონსტიტუცია მაინც დარღვეულია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის შესაბამისი დელეგირება მთავრობას უნდა მიეცა.

მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ შარშან კანდიდატის სტატუსის მიღებას არ ვიმსახურებდით, რომ სტატუსი სწორად არ მოგვცეს და გაგვაფრთხილეს, ხოლო პარლამენტის ტრიბუნიდან გვამუნათებდა, რომ რეკომენდაციებს მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ ანუ არც წელს გვეკუთვნის - ეს იმას ნიშნავს, რომ მორალური საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეთ ადამიანს დაავალო, სთხოვო ან ნება მისცე, რომ შენ და შენი ქვეყანა წარმოგადგინოს. მთავრობის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სწორი იყო!

ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა, არც წელს, მაგრამ მე მაინც წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ - ეს უკიდურესად დამაზიანებელია. ამის მკეთებელი პრეზიდენტი არა თუ თანხმობას, რომ ჩვენი ქვეყანა მან წარმოადგინოს, არამედ უმძიმეს შეფასებას იმსახურებს. არ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, ვინც საკუთარ ქვეყანას გაცილებით უარესად აფასებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მკაცრი შემფასებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.