ავტორი:

ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში

ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინის ფრონტიდან მორიგი რამდენიმეწამიანი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელმაც სენსაცია მოახდინა არა მარტო სოციალურ ქსელებში,არამედ მას, რიგი ქვეყნების ოფიციალური სტრუქტურებიც კი გამოეხმაურნენ...

მაინც რა ჩანდა ასეთი ამ ვიდეოკადრებში?

ბევრი არაფერი, უბრალოდ როგორ იწვის აფეთქებული ტანკი ფრონტის ხაზთან...

რუსეთ-უკრაინის ომში წელიწადნახევრის განმავლობაში საერთო ჯამში, 2 290 რუსული და 642 უკრაინული ტანკის დაკარგვაა დადასტურებული ფოტოვიდეოკადრებით და კიდევ ერთი ახალი ტანკის აფეთქებას ასეთი რა უნდა შეეცვალა, რომ მასზე ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა?

ომების ისტორიაში პირველი ბრიტანული „ჩელენჯერი“, ჩვენ, რუსებმა ავაფეთქეთ - გულზე მჯიღს ირტყამენ რუსი სამხედრო ბლოგერები მას შემდეგ, რაც თავად უკრაინელი სამხედროს მიერ გადაღებულ და გავრცელებულ სამწამიან ვიდეორგოლში მოჩანს, თუ როგორ იწვის ტანკი და სტოპ-კადრის გაანალიზებისას ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს მართლაც ბრიტანული Challenger 2-ია…

მაგრამ ასეთი საოცარი რა მოხდა, გაუკვირდება მკითხველს, აუფეთქებელი ტანკი ხომ არ არსებობს!

მკითხველი მართალიც იქნება, მაგრამ "ჩელენჯერს" "აუფეთქებელი" ტანკის იმიჯი თავად ბრიტანელებმა შეუქმნეს, რაც მერე უკრაინელებმაც აიტაცეს, როდესაც გაცხადდა, რომ ბრიტანეთი უკრაინის არმიას Challenger 2-ების ერთ ესკადრონს მიაწვდიდა…

ჯერ კიდევ 2023 წლის 16 იანვარს ჩემს ბლოგში, სტატიაში "რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკი "ჩელენჯერი" უკრაინის ფრონტზე..." ვწერდი: "...უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკების - Challenger 2-ის ერთი ესკადრონი და 30-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AS90 . ბრიტანეთის არმიაში ერთი სატანკო ესკადრონი ერთი უკრაინული სატანკო ასეულის ტოლფასია, თუმცა მის შემადგენლობაში 10-ის ნაცვლად, 14 ტანკი შედის.

რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკის გამოჩენა უკრაინის არმიის არსენალში რამდენიმე კვირის შემდეგ?

ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს, უფრო სწორად, ფრონტის კონკრეტულ ვიწრო უბანზე შეტევის განხორციელებისას ბევრ რამეს, მაგრამ საერთო მასშტაბებით - დიდად არაფერს...

რაც შეეხება ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ს, ის დღეს არსებული ტანკებიდან ყველაზე მძიმეა და მისი სრულად აღჭურვის მასა 75 ტონას აღწევს, მაშინ, როდესაც საბჭოთადროინდელი "ტ-72", მხოლოდ 41 ტონა თუ არის.

"ჩელენჯერის" ამხელა მასა კი გამოწვეულია იმით, რომ ის, ეტყობა, ყველაზე დაცული ტანკია მსოფლიოში - ტანკის კორპუსი "დორჩესტერის" მრავალშრიანი კომბინირებული ჯავშნისგან შედგება, რომელსაც გარედან დამატებით უყენია კუმულაციურსაწინააღმდეგო ეკრანი და ფალშბორტები, რომელშიც ჩაწყობილია დინამიკური დაცვის ელემენტები.

"ჩელენჯერ 2"-ი, ძლიერი დაცვის გარდა, გამოირჩევა ძალზე ზუსტი 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხით, რომელიც ნატოსა და რუსეთის ყველა სხვა ტანკის ლულისგან განსხვავებით, გლუვლულიანი კი არა, ხრახნლულიანია, რითაც მიიღწევა ჭურვის გასროლის ძალიან მაღალი სიზუსტე 3-5 კმ-ის სიშორეზეც კი. განაგრძეთ კითხვა