ავტორი:

"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე

"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე

"ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!" - ამბობს ელენე საბაშვილი.

ბალერინამ, მოდელმა, მის საქართველოს ფინალისტმა პარიზის არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და დღეს საოპერო ხელოვნებაში მწვერვალებს იპყრობს... უმშვენიერესი Elena Sabas (ელენე საბაშვილი) ვრცლად გვესაუბრა...

- თბილისში დავიბადე, ხელოვანების ოჯახში. დედა პიანისტია - მანანა გოგოლაშვილი, ოპერის თეატრში მუშაობდა კონცერტმაისტერად... ოპერის თეატრი ბავშვობიდან ჩემი სახლია, სულ პატარა ვიყავი რეპეტიციებზე რომ მივყავდი, ბალერინების უკან ვდგებოდი და მათ მოძრაობებს ვიმეორებდი. ასე დაიბადა ბალეტის სიყვარული. შემდგომ ათი წელი ოპერის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში წამყვან პარტიებს ოპერის სცენაზე ვცეკვავდი.

საოპერო ნიჭი ხუთი წლის ასაკში აღმოვაჩინე, როდესაც დედამ ფრანკო ძეფირელის ფილმი ოპერა “ტრავიატას” ვიდეოფირი მომიტანა. მუსიკა ისეთი რამეა, სიტყვები არ ჭირდება, ისე იგრძნობა ემოცია.. მულტფილმები ამ ფირმა შემიცვალა, დილიდან საღამომდე ვუყურებდი, ვტიროდი, მერე ისევ თავიდან და ასე პლასიდო დომინგოსთან და ტერეზა სტრატასთან ერთად დავიწყე სიმღერა (ისინი ეკრანზე მე ლაივში:)

სხვათა შორის სიმღერის ნაცვლად ფორტეპიანოზე მიმიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში, “ნიჭიერთა ათწლედში”. ამასობაში აღმოჩნდა რომ ბალეტისთვის ძალიან მაღალი გავიზარდე და ასე 13 წლის ასაკში ოცნება დავკარგე. ძალიან განვიცადე და აგრესია გამიჩნდა ბალეტის, ოპერის და ყველაფერი იმის მიმართ, რაც ადრე ჩემი სამყაროს ნაწილი იყო.

ოპერა მხოლოდ ბევრი წლის მერე დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა პარიზში ვცხოვრობდი და არქიტექტურულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი... ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი საქმიანობით ბედნიერი არ ვიყავი. მახსოვს, ძილის წინ ვლოცულობდი, ღმერთო მაპოვნინე ჩემი თავი, ისეთი საქმე, რომლის გამოც დილის გათენება გამიხარდება და რომელიც არასდროს არ იქნება სამუშაო-თქო. და ასე ერთ დღესაც თვალს ვახელ და თავში მაქვს ოპერა ( იმ დროს წლები აღარ ვუსმენდი ოპერას და კლასიკურ მუსიკას) ცოტა შოკში ჩავვარდი, ფიქრს ვერ ვახერხებდი, აზრებისთვის თავის მოყრა მიჭირდა, იმდენად ხმამაღალი იყო ოპერა ჩემს თავში... სიმღერა საშინლად მომინდა, არც კი ვიცოდი მქონდა თუ არა ხმა. მაშინ დავუკავშირდი ქართველ, ცნობილ მეცო სოპრანოს ქ.ნ. - ნონა ჯავახიძეს თხოვნით, რომ ხმა გაესინჯა. ის დამთანხმდა და გაკვეთილის მერე მითხრა, რომ სამი ოქტავის დიაპაზონი მქონდა. ყველა რეგისტრი ერთნაირად ჟღერდა და ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა თუ არ ვიმღერებდი...აქვე დააყოლა, რომ ეს პროფესია არის ძალიან რთული, მარტოობის პროფესიაა, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ერთ ყურში შევუშვი, მეორიდან გამოვუშვი. გადავწყვიტე მიმეტოვებინა, არქიტექტურა მალევე წამოვედი თბილისში და აქედან ორ თვეში უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი...

- პარიზი მიატოვეთ და თბილისში სასწავლებლად დაბრუნდით?

- იმდენად ძლიერი იყო მუსიკა ჩემში და სიმღერის სურვილი, რომ იქ უკვე აღარაფერი მესაქმებოდა. სიხარულით მივატოვე არქიტექტურა, პარიზი და დავბრუნდი ჩემს თბილისში. უბრალოდ მივყევი ჩემს შინაგან ხმას და დარწმუნებული ვიყავი ეს იყო ჩემი გზა...ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია... რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი, კარგად ვხატავდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მახსოვს მამამ მითხრა, შენ ბევრი ნიჭი გაქვს და ყველაფერი მარტივად გამოგდის, თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ რასაც აკეთებ ის აღარ მოგწონს, პროფილის შეცვლის ნუ შეგეშინდებაო... ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა, ეს სიტყვები ამომიტივტივდა...

- მოდელობა როდის დაიწყეთ?

- ჩემი პირველი სამუშაო იყო 15 წლის ასაკში, როგორც მოდელის იყო. მაშინ სამოდელო სააგენტო "ნატალი“ იყო ყველაზე ცნობილი... ბევრ ჩვენებაში, ფოტოსესიაში, რეკლამაში და რამდენიმე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. შემდეგ იყო კონკურსი - "მის საქართველო“. ასევე გარკვეული პერიოდი პარიზში და მილანშიც ვმუშაობდი, როგორც მოდელი. ეს სწავლაში ხელს არ მიშლიდა და მცირე ასაკიდან გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიქმნიდა... სამოდელო სააგენტოს "„ნატალის“ მოდელი რომ ვიყავი, იმ პერიოდში ვთანამშრომლობდი ბევრ საინტერესო ხელოვანთან, დიზაინერებთან... ავთანდილი, ბასა ფოცხიშვილი... ეს იყო პატარა რეკლამები, ფილმები ან ფრაგმენტები... რაც შეეხება „მის საქართველოს“, 2008 წელს ვმონაწილეობდი. ვარ ფინალისტი მის ფოტოგენურების ტიტული მოვიპოვე, მაშინ 17 წლის ვიყავი...შემდეგ მალევე წავედი პარიზში სასწავლებლად და იქ გავაგრძელო სამოდელო საქმიანობა. ასევე მილანში, სანამ სამუშაო კონტრაქტები მექნებოდა, სწავლას მოდელობას ვუთავსებდი...

- როგორი იყო გზა საოპერო ხელოვნების მწვერვალებისკენ?

- მას შემდეგ, რაც პარიზში ჩემს მშობლებს გამოვუცხადე, რომ ჩემი თავი ვიპოვე და მე ოპერის მომღერალი უნდა გავხდე- თქო, თბილისში ჩასვლიდან მეორე დღეს მივედი კონსერვატორიაში და ქ.ნ. მანანა დოიჯაშვილის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. მაშინ ქ.ნ მანანა კონსერვატორიის რექტორი იყო. ვუთხარი გამარჯობათ, მე ელენე ვარ, გუშინ ჩამოვედი პარიზიდან, ოპერის მომღერალი უნდა გავხდე და რა უნდა გავაკეთო რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო-თქო? ქ.ნ. მანანამ მკითხა, თუ მღერითო, მე ვუპასუხე, არა მაგრამ ვიმღერებ-თქო და აქედან ორ თვეში კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი... რადგანაც არანაირი სასიმღერო ბაზა არ მქონდა, ცოტა გამიჭირდა, მივხვდი, რომ ასე უცებ საოპერო ვარსკვლავი ვერ გავხდებოდი.მესამე კურსიდან გადავწყვიტე იტალიაში დამეხვეწა სასიმღერო ტექნიკა. მასწავლებლის ძებნაში ვიყავი, როდესაც ჩვენმა ცნობილმა ტენორმა და ჩემმა მეგობარმა მიშა შეშაბერიძემ რეკომენდაცია გამიწია თავის მაესტროსთან მილანში, ქ.ნ. ჯანფრანკა ოსტინთან... მითხრა, ყველა არ ჰყავს, საცდელ პერიოდს მოგცემს და პასუხს მერე გეტყვისო. მართლაც გაკვეთილი მომცა და მხოლოდ მერე ამიყვანა თავის კლასში. პედაგოგმა, რაც აქამდე იცოდი დაივიწყეო და ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ტექნიკის სწავლა. რამდენიმე წელი მხოლოდ ვმეცადინეობდი არ გავდიოდი კონკურსებზე, სანამ არ ვიგრძენი რომ მზად ვიყავი.

როდესაც მზად ვიყავი, წარმატება ჩემთან თვითონ მოვიდა. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია ტექნიკის გარდა იყო ერუდირებული და ჩაუღრმავდე საკუთარ თავს. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვიცვლებით გვეცვლება ინტერესები, აზრები, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ მომენტში ვიცოდეთ ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ეს ყველაფერი როდესაც სცენაზე დგახარ ჩანს.

იცით, როცა მწიფე ხარ( ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკას არ ვგულისხმობ ასევე მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა) წარმატება თვითონ მოდის და კარები იხსნება... დებიუტი ტრიესტეს, ჯუზეპე ვერდის სახელობის სახელმწიფო თეატრში მქონდა 2019 წელს, მარკო ტარალის თანამედროვე ოპერაში - “მოჯადოებული სასახლე”... შემდეგ 2020 წელს დიდი როლების დებიუტები ჩემთვის ჯუზეპე ვერდის ოპერა “აიდა”-თი დაიწყო. აიდას როლი ვიმღერე საკმაოდ პატარა ასაკში, ქალაქ პავიას საზაფხულო ოპერის ფესტივალზე. ამას მოყვა ოპერა “ტრუბადურის" დებიუტი ლეონორას პარტიით, დებიუტი ოპერა „ჯამბაზებში“ ნედას პარტიით...

ახლაც, ორშაბათს მქონდა ჯამბაზების დებიუტი კალაბრიის არენაზე და პარტნიორობას მიწევდა ცნობილი ტენორი - ვალტერ ფრაკარო... შემდეგ გავიმარჯვე ბელინის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ჩატარდა ბელინის მშობლიურ ქალაქ კატანიაში მაესტრო ფაბრიციო კარმინატის ინიციატივით... ამის მერე მოხდა ჩემი დებიუტი ჩემს საყვარელ თბილისის ოპერის თეატრში. სხვათა შორის სრულიად მოულოდნელად. 2022 წელს ჩამოსული ვიყავი საახალწლო არდადეგებზე, მაშინ თეატრში ჯუზეპე ვერდის “ნაბუკო” იდგმებოდა. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ბადრი მაისურაძემ მომისმინა, დიდი ნდობა გამომიცხადა და ასე შედგა ჩემი დებიუტი, სოპრანოსთვის ერთ ერთი ურთულესი პარტიით - აბიგაილის როლით...

- დღეს გარეგნობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა...თქვენს მსოფლიო წარმატებებს რამდენად შეიწყო ხელი ამ ფაქტორმა?

- მომხიბვლელი ვიზუალი შეიძლება იყოს როგორც ჯილდო, ან პირიქით...…მე მაგალითად ვარ სერიოზული მომღერალი და ადამიანი! ჩემი სურვილი იყო, როცა თეატრში მივიდოდი, სერიოზულად ვყოფილიყავი აღქმული და არ ეთქვათ, როგორი ლამაზი ვარ და მერე როგორ ვმღერი. ამისთვის ბევრი ვისწავლე და ვიშრომე.. ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!