ავტორი:

აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"

აღმოჩენა ისრაელში: არქეოლოგებმა 1900 წლის წინანდელი ხმლები იპოვეს - "იარაღი პირვანდელი სახითაა შემონახული, ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს"

არქეოლოგებმა ისრაელში, მკვდარი ზღვის სანაპიროს მახლობლად მდებარე გამოქვაბულში, რომაული იარაღები აღმოაჩინეს. 1900 წლის წინანდელი ოთხი ხმალი და შუბი ეინ გედის ნაკრძალში იპოვეს. იარაღები თავიანთივე ქარქაშებში იყო მოთავსებული და არაჩვეულებრივადაა შემონახული, ნათქვამია ისრაელის სიძველეების დეპარტამენტის პრესისთვის განკუთვნილ განცხადებაში.

"ერთი ხმლის პოვნა იშვიათობაა, ოთხის ერთდროულად აღმოჩენა კი საოცნებოა! თვალებს ვისრესდით, იმდენად დაუჯერებელი რამ იყო",- აცხადებენ მკვლევარები.

იარაღი, სავარაუდოდ, ომის შემდგომი ნადავლი იყო, რომელიც იუდეველმა აჯანყებულებმა (ბარ კოხბას აჯანყების დროს) რომის არმიას წაართვეს, ნათქვამია კვლევით სტატიაში. პირველი იარაღი, რომელიც გამოქვაბულში იპოვეს, პილუმი იყო (შუბის ნაირსახეობა, რომელსაც რომაულ არმიაში იყენებდნენ). პილუმი და დანარჩენი იარაღები, საგულდაგულოდ იყო დამალული. არაჩვეულებრივად შემონახული ხმლები ტყავის, ხისა და მეტალის ნაჭრებთან ერთად ელაგა.

აღმოჩენილი ოთხი ხმლიდან სამი 60-65 სანტიმეტრის სიგრძისაა, მეოთხე კი, შედარებით პატარაა, 45 სმ.

მკლევარების აზრით, იარაღი იუდეველებმა საგულდაგულოდ გადამალეს, რომ სამომავლოდ მათი გამოყენება შესძლებოდათ:

"რა თქმა უნდა, აჯანყებულებს არ სურდათ რომაელებს ისინი ამ იარაღებით ხელში ენახათ. ვცდილობთ, გავარკვიოთ, თუ ვისი იყო ეს იარაღები და სად, როდის და ვინ დაამზადა ისინი",- ამბობენ არქეოლოგები.

"ეს ამაღევებელი აღმოჩენაა. ყველამ არ იცის, რომ იუდეის უდაბნოში არსებული მშრალი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა, არტეფაქტები პირვანდელი სახით შემოინახოს. ეს უნიკალური დროის კაფსულაა, სადაც გრაგნილების ფრაგმენტები, ებრაული აჯანყების დროის მონეტები, ტყავის სანდლები და ახლა უკვე ხმლებიც კი, პირვანდელი სახითაა შემონახული. იარაღები ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს გადამალეს ისინი",- ამბობს ელი ესკუსიდო, ისრაელის სიძველეების დეპარტმანენტის დირექტორი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა