ავტორი:

"ზოგჯერ რუს სიძეს მიჰყავს შვილი, ამბობს, არ მინდა ამ ველურ გარემოში გაიზარდოსო" - ბავშვებით მანიპულირება და გატაცებები რუსულ-აფხაზური ოჯახების დანგრევისას: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

"ზოგჯერ რუს სიძეს მიჰყავს შვილი, ამბობს, არ მინდა ამ ველურ გარემოში გაიზარდოსო" - ბავშვებით მანიპულირება და გატაცებები რუსულ-აფხაზური ოჯახების დანგრევისას: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მერამდენედ ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. რეგიონიდან ბავშვების რუსეთში გაყვანის შესახებ ამბები პერიოდულად ვრცელდება. ამჯერად, ბავშვის ბებიამ სცადა შვილიშვილის გატაცება. ქალი დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ის, რომ ცოლ-ქმარი დაშორების შემდეგ, შვილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს და შემდეგ, ხან ერთი იტაცებს შვილს და ხან მეორე, აფხაზეთში უკვე აპრობირებული მეთოდია.

ადგილობრივების თქმით, რუსულ-აფხაზური შერეული ოჯახები არც ისე ხშირია, მაგრამ როდესაც ისინი ოჯახს ქმნიან, უმეტეს შემთხვევაში, სკანდალებით სრულდება - მენტალური განსხვავების გამო, ისინი მალევე შორდებიან, შემდეგ კი, ან რუსი ქალი ვერ უძლებს აფხაზების მარწუხებს ან რუსი სიძე ვერ ეგუება მათ თავისებურებებს, რამდენიმე ხანში შორდებიან და ბავშვს ვერ იყოფენ.

"არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც რუსმა ქალმა შვილი, სიცოცხლის რისკის ფასად გაიტაცა... აფხაზ მდევრებს ფსოუზე წამებში გაასწრო და გაქრა. არის შემთხვევები, როდესაც რუს სიძეს მიჰყავს შვილი - არ მინდა ჩემი შვილი ამ ველურ გარემოში გაიზარდოსო. უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი სასამართლო, აფხაზი მშობლის მხარეს იჭერს. ეს იციან რუსებმა და ამიტომ, საკუთარი შვილის გატაცებას ამჯობინებენ" - წერენ ისინი.

  • ekhokavkaza.com-ის ცნობით, ამ წელს უკვე მეორედ, აფხაზეთიდან რუსეთში მეორე ბავშვის გატაცებას ცდილობენ. მსგავსი შემთხვევები, წინა წლებში მომხდარა. ყველა მათგანს თითქმის ერთი და იგივე სქემა აქვს - საქმეში ფიგურირებს ექიმი, რომლის დასკვნის საფუძველზე ვითომ სამკურნალოდ, ბავშვი სასწრაფოდ რუსეთში უნდა გადაიყვანონ.

"ერთ-ერთ შემთხვევაში, ბაშკირელმა ქალმა, ასევე ბაშკირელი ექიმის, ალი იმელგუზინისა და უფროსი ძმის დახმარებით შეძლეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ფსოუს გადალახვა. მანამდე ქალი ორი წლის შვილთან ერთად დიდხანს ცდილობდა აფხაზეთის დატოვებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლო ჯერზე, აფხაზმა მესაზღვრეებმა ის რამდენიმე საათით შეაყოვნეს, თუმცა საბოლოოდ, მან მაინც თავისი გაიტანა. როგორც გაირკვა, სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ბავშვის მამამ, იაროსლავ მარკოვმა და მისი ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ბავშვისთვის ბრძოლას განაგრძობდნენ. თუმცა, ის დღემდე ბაშკირეთში დედასთან ერთად ცხოვრობს...

ბოლო შემთხვევაში, სამი წლის ერიკ მათუას ბებიამ, შვილიშვილის რუსეთში გადასაყვანად, განგსტერული სცენარი შეადგინა - მას ბავშვის წაყვანის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ამას არ შეუშინებია" - წერს გამოცემა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 აგვისტოს, გულრიფშის რაიონში, ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე, ელენა ლეუშკინას და თეოდორ პოვესმის წინააღმდეგ, ადამიანის გატაცების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ქალი, მეუღლესთან ერთად, ყოველდღე დადიოდა შვილიშვილის სანახავად, მატუების ოჯახში, რათა ბავშვს შეჩვეოდნენ. მორიგ ჯერზე, ის ბავშვის დედინაცვალსა და ყოფილ მძახალს, ხურშუდიანსა და შონიას გამოეპარა და ქუჩის ბოლოს, წინასწარ შეთანხმებულ ავტომობილში ჩაჯდა. ქალებმა მას მანქანაშივე მოუსწრეს, თუმცა მძღოლმა დაქოქვა მოასწრო. ქალები მის კვალს გაჰყვნენ... შემდეგ გაირკვა, რომ მანქანას სარეგისტრაციო ნომრებიც არ ჰქონდა. ქალმა ბავშვი სხვა მანქანაში გადასვა, სადაც ადვოკატი ჟანა შენკაო ელოდებოდა. ამის შემდეგ, კვალის ასარევად, გულრიფშში, კიდევ ერთ მანქანაში გადასხდნენ, რომელსაც ხრიპსა გოჟბა მართავდა... ასე მიაღწიეს ფსოუს გამშვებ პუნქტამდე, სადაც გაის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი, ლეუშკინა და პოვესემა დააკავეს, სასამართლომ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა" - წერს გამოცემა.

აფხაზეთში ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტი მაია შიროკოვა წერს, რომ ასეთი ფაქტები აფხაზეთში არც ისე იშვიათია.

"როდესაც ცოლ-ქმარი შორდება, რომელიმე მხარე აუცილებლად იწყებს ბავშვებით მანიპულირებას... ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც დედას შვილთან ურთიერთობას სრულიად უმიზეზოდ უშლიან. ხშირ შემთხვევაში, ოჯახი სასამართლოს არც კი მიმართავს და პირადი გავლენებით იწყებს საქმის გარჩევას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც არც სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილებიან. ეს გრძელდება წლებია. გამოსავალი კი, ჯერჯერობით არ ჩანს" - ამბობს შიროკოვა.