ავტორი:

იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც ამერიკის საერთაშორისო სააკრედიტაციო კომისიის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა.

იაშვილის საავადმყოფოს ორი სერტიფიკატი გადაეცა. პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი მართვის საუკეთესო პრაქტიკისთვის კლინიკამ მიიღო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების საერთაშორისო სააკრედიტაციო სტანდარტის სერტიფიკატი. ასევე, პედიატრიულ ცენტრს გადაეცა მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი (ISO 9001:2015).

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო გახდა პაციენტის უსაფრთხოების და ხარისხის მიმართულებით დასავლური სტანდარტების სისტემის ნაწილი.

იაშვილის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ეკატერინე ქავთარაძის განმარტებით, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებით კლინიკა ჩაერთო სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების და ხარისხის უწყვეტი განვითარების სისტემაში, რადგან აკრედიტაცია სტატიკური პროცესი არ არის მის შესანარჩუნებლად იაშვილის ჰოსპიტალს მოუწევს ყოველწლიურად გააუმჯობესოს ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტები.

„საერთაშორისო სტანდარტები კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რიგ შემთხვევებში, გვჭირდება კოლაბორატორი კლინიკები, რომლებიც სერვისის კიდევ უფრო სრულყოფაში დაგვეხმარება. მაგალითად, ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მძლავრ ჰოსპიტალთან უცხოეთში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ისეთი სერვისები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, რადგან იაშვილის საავადმყოფოს მიერ განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ემსახურება მკურნალობის პროცესისა და კლინიკური გამოსავლის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობას“ - აღნიშნა იაშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის აკრედიტაციის კომისია (AACI) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

R