ავტორი:

"ჩემი გვარიდან არავინაა მხატვარი... უფლის ნება იყო, მე რომ ხატვის ნიჭი გამომყოლოდა" - თვითნასწავლი მხატვარი ხაშურიდან, რომელი საოცრად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის

"ჩემი გვარიდან არავინაა მხატვარი... უფლის ნება იყო, მე რომ ხატვის ნიჭი გამომყოლოდა" - თვითნასწავლი მხატვარი ხაშურიდან, რომელი საოცრად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის

თვითნასწავლმა მხატვარმა გიორგი ღამბარაშვილმა პანდემიის დროს, სიცხიანმა ტილო "ქლიავები“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... ვინაიდან გიორგი ღამბარაშვილს ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი აქვს, თვითნასწავლ მხატვარს მის შემოქმედებაზე ვესაუბრეთ....

- თვითნასწავლი მხატვარი ვარ... დავიბადე ხაშურში 1989 წელს, ხატვა პატარაობიდან მიყვარდა, სულ ვხატავდი, დავდიოდი ხატვაზე შუქ-ჩრდილების უკეთ შესასწავლად... ეს ნიჭი გენეტიკური არ არის, ჩემი გვარიდან არავინაა მხატვარი. ვფიქრობ, უფლის ნება იყო, მე რომ ხატვის ნიჭი გამომყოლოდა, რაზეც უსაზღვრო მადლიერი ვარ... აქტიურად ხატვა 2012 წლიდან საღებავებით დავიწყე... მანამდე როგორც ვთქვი, ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვხატავდი, ვსწავლობდი ხატწერას სამების კოლეჯში და ხის მხატვრულ დამუშავებას კოლეჯში - სპექტრი. თუმცა მივხვდი, რომ ჩემი ფერწერა იყო, მხოლოდ ფერწერას გავყევი ბოლომდე და ვემსახურები...

- ძირითადად რომელ ჟანრს ემსახურებით?

- მაქვს შექმნილი რეალისტური ნამუშევრები, ასევე მოდერნისტული, იმპრესიონისტული და სურიალიზმი. ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და მიწევს სხვადასხვა ჟანრში მუშაობა, სიახლეების ძებნა...

- რომელმა დიდმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

- ვინაიდან მარინისტული ჟანრი მიყვარს, ჩემზე დიდი გავლენა აივაზოვსკიმ მოახდინა. ფერწერაში მისგან ბევრი რამ ვისწავლე... ძალიან მიყვარს და მხიბლავს დიდი იმპრესიონისტებიც, როგორიცაა - მონე, რენუარი, ვან გოგი და ასე შემდეგ...

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში ხელოვანისთვის?

- საქართველოში გარემო არაჩვეულებრივია და ხელსაყრელი ხელოვანისთვის. ულამაზესი მხარეები, ბუნება, ძველი არქიტექტურა გვაქვს, რაც მუზას მუდამ ამძაფრებს და მოტივაციას გაძლევს მეტი შექმნა...

- სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა თქვენს ნახატს, "ქლიავები"... თქვენ რას იტყოდით ამ ნამუშევარზე?

- რაც შეხება "ქლიავებს", ეს ტილო პანდემიის დროს შევქმენი. სიცხიანს მჟავე გემოები მსიამოვნებდა და მუშაობისას თითქოს ამ გემოს ვგრძნობდი. უფრო რეალიზმისკენ წავედი და რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ... თუმცა უფრო მეტი და მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს და ვეძიოთ მეტი სინათლე ხელოვნებაში.

- თუ მიგიღიათ მონაწილეობა გამოფენებში, კონკურსებში?

- მონაწილეობა მიმიღია არაერთ ჯგუფურ გამოფენებში... სერტიფიკატები, ალბომები, ფულადი ჯილდოც... ასევე მიმიღია მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც. სომხეთში პლენერზე ხატვა იყო, სადაც რამდენიმე ტილო შევქმენით და შემდეგ დაუვიწყარი გამოფენა გაიმართა. არაჩვეულებრივი მხატვრები გავიცანი, მოხარული ვიქნები ასეთი სიმპოზიუმები თუ ხშირად იქნება კიდევ ჩვენთანაც...ვისურვებდი, ქვეყნის გარეთაც, რადგან ეს ბევრს გვასწავლის, ახალი გარემო, ხალხი და ასე შემდეგ...

- კომერციულ მხარეზე რას იტყოდით?

- საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მხატვრებს გვიწევს კომერციული ნამუშევრების შექმნაც...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლო გეგმებს რაც შეხება, ძალიან მინდა და ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას. ასევე მეტ აქტივობას, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას... რა თქმა უნდა, მეტ სწავლას და შრომას ფერწერაში...