ავტორი:

ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"დღეს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის მიღმა”, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

"ეს შეჯიბრი არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიკურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ“, - აღნიშნა არძინბამ.

მანვე კომენტარი გააკეთა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე. მისი თქმით, "საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“.

"თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა მან.

როგორც არძინბამ განაცხადა, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. ის ამ საკითხში ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.