ავტორი:

მორატას ჰეთთრიკი, ჩაკვეტაძის გაბრძოლება და "ჩაძინებული" კვარაცხელია - საქართველომ ესპანეთთან მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დათმო

მორატას ჰეთთრიკი, ჩაკვეტაძის გაბრძოლება და "ჩაძინებული" კვარაცხელია -  საქართველომ ესპანეთთან მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დათმო

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ესპანელებმა ქართველებს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს - მოედანზე მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი - არაფერი.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:4 დათმო. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი 22 - ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, 27-ე წუთზე ავტოგოლი კვირკველიამ მიითვალა, 38 წუთზე ქართველების კარი დანი ოლმომ დალაშქრა, მე-40 წუთზე კი ისევ - მორატამ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა, მათგან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აბურჯანიას ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძის შემოსვლა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე აქტიური იყო, სწორედ მან მოახერხა 49-ე წუთზე ესპანელთა კარის აღება. ის კიდევ ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით.

გოლები მეორე ტაიმში საქართველოს კარში გაიტანეს: ალვარო მორატამ (65), ნიკო ვილიამსმა (68), ლამინე იამალმა (74).

მოკლედ, მორატამ ჰეთთრიკი შეგვისრულა, საბოლოო ანგარიში 1:7 დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ასეთი დიდი ანგარიშით საქართველოს ნაკრები ისტორიის განმავლობაში არ დამარცხებულა.

გუნდები ასეთი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო, გავი, ოლმო, მორატა