ავტორი:

"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?

"საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო... წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე" - რას ჰყვება ზაზა მესხის და?

თვეზე მეტი გავიდა შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც სამ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორ მოზარდს, 10 და 12 წლის ბიჭებს ჯერ კიდევ ეძებენ, 12 წლის მოზარდი სტიქიას შეწირული ზაზა მესხის შვილია, 10 წლის კი - გერი.

როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.

ზაზა ოჯახთან ერთად საქართველოში ერთი თვით ჩამოვიდა. აქ 88 წლის დედა და და ელოდნენ.

ზაზა მესხის და, მაია მესხი:

"საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, "სკაიპით“ ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო. ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი სადარდებელია, როგორ მოხუცდაო… წინათგრძნობა ჰქონდა. მითხრა, მერე დედა ნეტავ როგორ იქნებაო და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, გრძნობდა, რაღაც ელოდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა უმისოდ.

რაღაცით შეძრული აშკარად. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, თვითმფრინავში რომ შევედი, ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალი ამივარდაო. ჩვენს ბიძაშვილს უკითხავს, კი მაგრამ, რა დაგემართა, პირველად ხომ არ ჯდებოდი თვითმფრინავშიო…

მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს, ჩემი ძმისშვილის ფოტოებს რომ ვუყურებ, საუკეთესო ბავშვები იყვნენ. ბოლოს ზაზა და მისი ცოლ-შვილი ჭიორაში უნახავთ, შავი ფერის "ბეემვეთი" იყვნენ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ 3 აგვისტოს "მესენჯერით" დაუკავშირდა და რაღაც უკითხავს. დედაჩემს სცოდნია, რომ სადღაც ყოფილან წასული სასეირნოდ, რომ გაუგია შოვში რაც მოხდა, რეკვა დაუწყია, მაგრამ..

ზაზასთან ერთად ბავშვის ცხედარიც იპოვეს, ვფიქრობდი ჩვენი რომელიმე ბავშვი იქნებოდა, მაგრამ. დნმ-ის ანალიზი გაუკეთეს და რამდენიმე დღე დასჭირდა პასუხის მიღებას, სხვა ბავშვი აღმოჩნდა".

როგორც ცნობილია, ზაზა მესხის ოჯახს დღეს დაკრძალავენ.

წყარო ჟურნალი "სარკე"

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ზაზა მესხის ოჯახსა და ახლობლებს