გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარუჯაში, მკვლელობა მოხდა. 80 წლის რეზო ფუტკარაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი შვილი, 48 წლის ზაურ ფუტკარაძე მოკლა. მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამ ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მოკლულის 14 წლის შვილი, რომელმაც ნახა, ბაბუამ როგორ მოუკლა მამა. მკვლელობის მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. უკვე დაკითხეს ფაქტის თვითმხილველი არასრულწლოვანი. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დიდხანს მუშაობდნენ ადგილზე სამართალდამცავები, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და უკვე მიასვენეს იმ სახლში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთვის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარს. მათი თქმით, ხმაური და არც გასროლის ხმა არ გაუგიათ.
ფუტკარაძეების მეზობელი:
- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდით. მომხდარის მიზეზი ჯერ ჩვენც არ ვიცით და გაოგნებულები ვართ. ახლა მეზობლები ერთად, უბანში ვართ შეკრებილები და არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია. დაზუსტებით არავინ ვიცით, რა მოხდა მამა-შვილს შორის. მათ შორის კონფლიქტზე არაფერი გვსმენია. მოკლული ზაურ ფუტკარაძე ბათუმში მუშაობდა, ხელოსანი ბიჭი იყო, მალიარი და რემონტებზე მუშაობდა. ბათუმში ოჯახით იყო წასული, ნაქირავებში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ახლა ნარუჯაში 3-4 დღის ჩამოსული იყო, აქ აქვთ თხილის ბაღები და თხილის მოსაგროვებლად ჩამოვიდა. მუშაობდა თხილის ბაღებში, თავის 14 წლის ბიჭთან ერთად.
მომხდარს ბავშვი შეესწრო, ამ ამბის შემდეგ ბავშვი დაკითხვაზე წაიყვანეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკითხოთ, რა მოხდა. სხვა არავინ იყო სახლში, მამა-შვილი და 14 წლის ბავშვი ჰყავდათ. ზაური მრავალშვილიანი მამა იყო, 4 შვილი ჰყავს.
რეზო 80 წლის არის, ორი წელია ნარუჯაში დაბრუნდა, მანამდე ისიც ბათუმში იყო, მაგრამ ახლა ასაკში დაბრუნდა სოფელში. 24 საათი აქ ვარ და არანაირი კონფლიქტი მას სხვასთანაც არ მოსვლიათ. ინსულტიანი კაცი იყო, ინვალიდი კაცი და რატომ მოკლა შვილი, არ ვიცით. ოჯახის ამბავს ვერ გაიგებ. ზაური მთელ უბანს უყვარს და ყველანი განვიცდით, ყველა აფასებდა.
- გასროლის ხმა არ გაგიგიათ?
- ეს გვიკვირს, რომ გასროლაც არავის გაუგია. არ ვიცით მაყუჩიანი იყო თუ არა იარაღი. მკვლელობის შემდეგ ეზოში ჩამოირბინა 14 წლის ბავშვმა და დახმარება ითხოვა, მან გვითხრა, რომ ბაბუამ მამას ესროლაო. საშინლად განიცდიდა. მაშინვე დავრეკეთ სასწრაფოში. ისეთი ეზო გვაქვს, ბავშვის ხმა ყველამ გავიგონეთ და მალევე მთელი უბანი შეიკრიბა. გამოვვარდით გარეთ, მაგრამ მათ ბინაში შიგნით შესვლას ყველა მოერიდა, რადგან ვიცოდით, რომ იარაღით იყო.
ეტყობა ბავშვმა პირველად ეს ამბავი რეზოს დისშვილს შეატყობინა, ის შევიდა ბინაში და მან გამოართვა იარაღი რეზოს. მერე ქალებიც ავარდნენ ზევით, მაგრამ ზაური ადგილზე იყო გარდაცვლილი. თავში ჰქონდა ჭრილობა, მანქანით წაყვანას აზრი არ ჰქონდა. მერე გადაასვენეს ექსპერტიზაზე და დილით მოიყვანეს იქიდან ცხედარი. რეზოს სახლიდან წაყვანა არ გვინახავს, ისე წაიყვანეს, არადა მთელი უბანი შეკრებილი იყო. ძალიან განვიცდით ამ ამბავს.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება. რა ჩვენება მისცა მოზარდმა და რას ამბობს თავად ბრალდებული, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წაიკითხეთ ასევე: