ავტორი:

"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა

"პალიტრა L-ის" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" გამარჯვებული წიგნები შემოდგომაზე გამოიცემა

მალე მკითხველი გაიცნობს ახალ ავტორებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერი ავტორი 2023-ის“ გამარჯვებულები გახდნენ. წელს ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველის - მათე ბაღაშვილი.

გამარჯვებულ წიგნების გამოსაცემად მომზადების პროცესი კი დასკვნით ფაზაშია და მალე მკითხველი მათ წიგნის მაღაზიებში იხილავს. „პალიტრა L-ის“ რედაქტორმა თეა ბარამაშვილმა წიგნების რედაქტირება უკვე დაასრულა, ფინალურ ეტაპზეა ყდების დიზაინზე მუშაობის პროცესიც.

თეა ბარამაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ წელს მკითხველი სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ხედვის ავტორებს გაიცნობს.

„ვფიქრობ, ჟიურის მცდელობა, შეერჩია საუკეთესოები და მკითხველის სურვილი, გაემარჯვა საუკეთესოს, წარმატებული აღმოჩნდა. თითოეულ ავტროთან თანამშრომლობა უაღრესად საინტერესო პროცესი იყო, უპირველესად, ალბათ იმიტომ, რომ სამივე ღრმა და მრავალმხრივია, უყვართ და ესმით სიტყვა, ფრაზა და ამდენად, რედაქტორის „ახირებებს“ მყისიერად ხვდებიან“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება თავად გამარჯვებულ ნაწარმოებებს. მასზე რედაქტორი მკითხველს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს:

„რუსუდან ტყემალაძის „არქიტექტორს“ რომ გაიცნობთ, აუცილებლად გაიფიქრებთ და იკითხავთ: ნუთუ ეს დებიუტია? ხვდებით, საით მიმყავს საუბარი, ხომ? „არქიტექტორი“ ისეთი სრულყოფილი, მრავალმხრივი და საინტერესოა, რომ, მიუხედავად მკაცრად და არქიტექტურული სიზუსტით „ამოშენებული“ სათაურისა, ყველანაირ ჯებირსა და კედელს ანგრევს და არქიტექტურის ე.წ. კოეფიციენტებს ლიტერატურის უკიდეგანო მასშტაბებით ანაცვლებს. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ავტორის შრომისა და ნიჭის საოცარი სინთეზია.

ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის სულის შემძვრელი თავგადასავალია. მკითხველმა შეიძლება იკითხოს: მორიგი ბანალური ისტორია? მაგრამ არა, ეს გადარჩენის ამბავია, თან ისეთი ამბავი, ბევრისთვის იმედად რომ შეიძლება იქცეს, ხელჩასაჭიდ ხავსად მძიმე ცხოვრებისგან გასანაპირებლად. და მთავარი: ამქვეყნად სასწაულებს ღმერთები კი არა, ადამიანები ახდენენ! ამდენად, „ფსკერზე“ გაძლებისა და გადარჩენის ამბავია, ალბათ იმედისაც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერაც ასე სჭირდება ბევრ ქალს.

მათე ბაღაშვილის „ბეტონების იქით“... ამაზე რა უნდა ვთქვა? ეს როგორი წიგნია, იცით? რომ წაიკითხავთ და გაოგნებული დარჩებით... ავტორი კითხვებზე კი არ გპასუხობთ, პირიქით, კითხვას კითხვაზე გიმატებთ და... მოკლედ, მათემ ერთგვარი თავსატეხი „გაგვიჩინა“ და იმ „ბეტონების“ კედელს რამდენჯერმე გამეტებით მიგვანარცხა. და მაინც: აქ თავისუფლებისა და შეზღუდულობა-ჩაკეტილობის ისეთი ჭიდილია... მოკლედ, აუცილებლად უნდა გადაიხედოთ ბეტონების იქით“.

ახალი რომანების ყდის ვიზუალზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გვიზიარებს „პალიტრა L-ის“ დიზაინერი თამარ ენდელაძე:

„კოლაჟი სპონტანური ნამუშევარია, რომელშიც ნებისმიერ ფხრიწს, მოხეულ ფურცელსა თუ უფორმო ფერად ქაღალდს შეაკოწიწებ, ის კი თითქოს თავისით მოკალათდება.

შესრულების პროცესი იმითაა გამორჩეული, რომ „შემთხვევითია“. გონებაში გიტრიალებს ერთი ფრაზა, მუსიკა, ამონარიდი წიგნიდან ან დიალოგი და ნაწილ-ნაწილ აგებ, ალაგებ, გულის ხმას მიჰყვები. განსაკუთრებულია იმით, რომ მნახველი შენს სამყაროს სტუმრობს, იმავდროულად კი, მაინც რჩება ადგილი მან თვითონ აღმოაჩინოს საკუთარი სამყარო.

ჩემი აზრით, ეს წიგნები მკითხველის ყურადღებას თავდაპირველად, თავისი სიკაშკაშითა და გამომხატველობით მიიპყრობს. გაუჩენს მას დაკვირვებისა და დაფიქრების სურვილს, იგი იქნება სტუმარი იმ განზომილებაში, რომელშიც შინაურულად შეაბიჯებს“.

აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი მე-7 გაიმართა. ის 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული ექვსი წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

R