ავტორი:

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

"ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებაში მითითებულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ა“ქვეპუნქტის დარღვევაზე, რაც თავის მხრივ, ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. კონსტიტუციის ამავე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.