ავტორი:

"სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია" - ეკონომიკის მინისტრი

"სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია" - ეკონომიკის მინისტრი

პოლიტიკურ ნაწილში განცხადებაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლად, მათ შორის ლევან დავითაშვილსაც ასახელებდნენ.

როგორც მან აღნიშნა, სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია.

"ჩვენ კლიმატის მწვანე ფონდის წამყვან ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში საფრთხეების შეფასებას გულისხმობდა. შეფასების რუკა გაკეთდა. შეფასების რუკის შესაბამისად, ცხელ წერტილებზე, სადაც უფრო მომატებული რისკი იყო, განისაზღვრა არეალები და შესაბამისი სადგურები დამონტაჟდა. ინფორმაციის შეკრება დაიწყო და ქვეყანაში გაჩნდა ინფორმაცია რისკების შესახებ. ამას გარემოს ეროვნული სააგენტო ამუშავეს. საფრთხეების შესახებ ამ წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შესაბამისად რეკომენდაციები დაიგზავნა სხვადასხვა საშუალებით. ამ სისტემის შექმნა ქვეყანაში დაიწყო. ესაა მეტეოროლოგიური სადგურები, ესაა ჰიდროლოგიური სადგურები, წყლის დონის შეფასება და ა.შ. ასეთი სისტემა ქვეყანაში ჩამოყალიბდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სისტემას დაუსრულებელი სრულყოფის საშუალება გააჩნია. ესაა პროცესი, რომელიც შეიძლება მუდმივად გაუმჯობესდეს. ამიტომ ეს პროცესი გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს და ალბათ, წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკურ ნაწილში განცხადებაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ“, - განაცხადა დავითაშვილმა.