ავტორი:

პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს ხანგოშვილის ძმა?

პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი: "ამერიკელებს კრასიკოვის გაცვლას ლავროვი სთხოვდა... რუსეთში მას მოკლავენ" - რას ამბობს  ხანგოშვილის ძმა?

როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან და აშშ-სთან დაკავებული პირების გაცვლისას მხოლოდ ვადიმ კრასიკოვის დაბრუნებითაა დაინტერესებული. კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.

გამოცემის წყაროების ცნობით, 2021 წელს, კრასიკოვისთვის განაჩენის გამოტანამდე, პუტინმა თავის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, ემუშავა ისეთ შეთანხმებაზე დასავლეთის ქვეყნებთან, რომლითაც კრასიკოვი რუსეთში დაბრუნდებოდა.

იქიდან მოყოლებული, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებული პირების გაცვლის მოლაპარაკებებზე, მოსკოვის წარმომადგენლები მუდამ აყენებდნენ კრასიკოვის საკითხს.

"უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანონიმური წყაროების თქმით, კრასიკოვი საკვანძო ფიგურაა აშშ-ის მცდელობებში, დააბრუნოს რუსეთში დაკავებული პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეები - ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ძალების ვეტერანი პოლ უილანი.

გამოცემის წყაროები სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობენ, რომ შესაძლებელია მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც დასავლეთში დაკავებული რუსები და პირიქით, თავთავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, დასავლეთი განიხილავს გაცვლას დაპატიმრებულ დისიდენტებში, მაგალითად, ნავალნიში.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დათანხმდება კრასიკოვის ვინმეში გაცვლას გერმანიის ხელისუფლება. ბერლინში ამაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"კვირის პალიტრა“ ზელიმხანის ძმას - ზურაბ ხანგოშვილს დაუკავშირდა ევროპაში, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გერმანულ მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა მისი ძმის მკვლელის ამერიკელ პატიმარში შესაძლო გაცვლის შესახებ, გერმანიის ოფიციოზს განცხადება აქამდე არ გაუვრცელებია:

"მეც გუშინ, პრესის მეშვეობით გავიგე ინფორმაცია, რომ რუსები ითხოვენ კრასიკოვის გაცვლას ვიღაც ამერიკელში. გერმანელების მხრიდან ინფორმაცია ჯერ არ გაკეთებულა. გასული წლის იანვარშიც გავრცელდა გერმანიაში ინფორმაცია, რომ ამერიკელებს კრასიკოვზე ლავროვი სთხოვდა, ეს კაცი გვჭირდება და გაგვიცვალეთო. როგორც ვიცი, ამერიკელების პასუხი ასეთი იყო, მას ჩვენს ქვეყანაში არ აქვს დანაშაული ჩადენილი, ამიტომ ეს საკითხი გერმანელებმა უნდა გადაწყვიტონო.

ამერიკელებმაც არ დააძალეს გერმანელებს, გინდა თუ არა, მოგვეციო. მერე გავიგეთ, რომ ეს კრასიკოვი სხვა ციხეში გადაიყვანეს, ჟურნალისტები წერდნენ, თითქოს გასაცვლელად გაიყვანესო, მაგრამ შემდეგ დამიკავშირდა ჩვენი ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. გუშინდელ ინფორმაციაზე ადვოკატი ჯერ არ დამკავშირებია, არც გერმანელ ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ კომენტარი, არ ვიცი, რა იქნება...წაიკითხეთ სრულად