ავტორი:

რა დაჯდა მიუნხენში პრემიერის ჩარტერი?

რა დაჯდა მიუნხენში პრემიერის ჩარტერი?

რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ პრემიერი ჩარტერული რეისით თბილისიდან მიუნხენში, იქიდან კი ამერიკაში წავიდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო.

მთავრობის სტრატკომმა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრის რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის (პრემიერის მამა) მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში.

თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.