ავტორი:

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ღარიბაშვილი მიიყვანს "ოცნებას“ არჩევნებამდე..." - სკანდალური რეისი და სამზადისი პრემიერის იმპიჩმენტისთვის: რას აცხადებენ ექსპერტები შექმნილ ვითარებაზე?

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ღარიბაშვილი მიიყვანს "ოცნებას“ არჩევნებამდე..." - სკანდალური რეისი და სამზადისი პრემიერის იმპიჩმენტისთვის: რას აცხადებენ ექსპერტები შექმნილ ვითარებაზე?

"ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს. ინიციატივა ეყრდნობა "ტვ პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნისთვის გამოიყენა და ჩარტერული რეისით მიუნხენში გაემგზავრა ოჯახის წევრებთან ერთად, იქიდან კი ოფიციალური ინფორმაციით, აშშ - ში გაემგზავრა რეგულარული რეისით.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისარგებლა ჩარტერული ფრენით და ქვეყნის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. “რაც შეეხება ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი”.

"ოცნების“ ლიდერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ადამიანს, რომელიც შრომობს და რომელსაც 3500 ლარიანი ხელფასი აქვს (და ოჯახის წევრები დროდადრო თანხებს ჩუქნიან), თავისუფლად შეუძლია სამთავრობო ბოინგის დაქირავება და მოგზაურობა.

12 სექტემბერს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ტელეკომპანიებმა გაავრცლეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის კომენტარი. მისი თქმით, ჩარტერული რეისის საფასური 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

"მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოახერხონ“,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია პარტია "ლელოს“ მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ ინიციატივას.

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ოდიშარიას თქმით, პრემიერის ვიზიტი აბსოლუტურად არ არის დანაშაულის შემცველი, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რა გამოძიება უნდა დაიწყოს უწყებამ.

"აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საკუთარი წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით აქვს აბსოლუტური უფლება ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირაოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში არაფერი დანაშაულის შემცველი არ გახლავთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიასთან.

იკვეთება თუ არა საქმეში სს ნიშნები და რა სამართლებრივი და პოლიტიკური გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის მიერ მონათლულ ჩარტერის სკანდალს, ამ საკითხზე AMBEBI.GE-სთან ექსპერტები საუბრობენ.

  • "არ ვარ დარწმუნებული, რომ ღარიბაშვილი მიიყვანს "ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე..."

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"ამ საქმეს ხელისუფლების მხრიდან არავითარი გაგრძელება არ ექნება და ყველა, რა თქმა უნდა, პრემიერს დაიცავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ღარიბაშვილი მიიყვანს "ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რომ არაფერი მოხდება, ეს შემიძლია გითხრათ. ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში პრემიერის გადადგომა ყველაზე მსუბუქი გამოსავალია იმიტომ, რომ მანდ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - საიდან ამხელა ფინანსები? შეიძლება ეს მართლა მამის ხარჯი იყო, მაგრამ ხომ უნდა ითქვას, საიდან ჰქონდა ამდენი? გარდა ამისა, ხელისუფლება ამბობს, იყო შემთხვევები, სხვასაც ჰქონდა გამოყენებული სამთავრობო თვითმფრინავიო. მაშინ ისეც უნდა გამოჩნდეს, ვის მიაქირავეს - თუ ასეთი რამ იყო, მნიშვნელობა არ აქვს, სამთავრობო თვითმფრინავს ღარიბაშვილი იქირავებს თუ სამჭკუაშვილი, სულ ერთია - ბორტი ნომერი 1-ის გაქირავება განაწესიდან, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, კომერციული თვალსაზრისით დაუშვებელია. ჩუბინიძე კერძო პირი ხომ არაა? ანუ შეუკვეთა სამსახურის უფროსმა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო რესურსი იქნა გამოყენებული. აქ მარტო ფულზე არა არის საუბარი, სახელმწიფო რესურსის გამოყენება კერძო მიზნებისთვის დასჯადია - ამ შემთხვევაში პრემიერი ხომ არა, კერძო პირი ქირაობდა და თუ კერძო პირი ქირაობს, მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რა შუაშია? და თუ ეს სამსახური ქირაობს, მაშინ კერძო პირი რა შუაშია? მოკლედ, აქ ბევრი კითხვებია საპასუხო.

იმპიჩმენტს რაც შეეხება, ოპოზიციაში თუ გროვდება 50 ხმა, მაშინ სულაც არ იქნება პრობლემა, დაიწყოს პროცედურა და შემდეგ რაც იქნება, გამოჩნდება. ოპოზიციის მიზანი, ზოგადად ის არის, რომ სანიტრის ფუნქცია შეასრულოს პოლიტიკაში. ის გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გამოავლინოს ასეთი ფაქტები. უმრავლესობამ დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - აბსოლუტურად, გაუმართლებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, მაგრამ მაინც დაიწყო და ამას თავისი მიზანი აქვს - ხდება პრეზიდენტის უსაფუძვლოდ დადანაშაულება კონსტიტუციის დარღვევაში. აქ მეორე მხარეა საინტერესო - ამ ფაქტს რა შეფასებას მისცემს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე, თუ 50 ხმაა საჭირო, იგივე უნდა გაკეთდეს პრემიერთან დაკავშირებით, ბოლო-ბოლო უნდა გამოვავლინოთ, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო იცავს კონსტიტუციას, თუ იცავს ხელისუფლებას. ეს არის ოპოზიციის, მით უმეტეს, საპარლამენტოს მიზანი და ვალიც. სამართალს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის მთელი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა - ამათ საერთოდ არ აინტერესებთ, ვინ რას იტყვის და ვის რა რეაქცია ექნება, ესენი თვლიან, რომ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგანან. ჩვენი პრობლემა მარტო ხელისუფლება რომ იყოს, რა უშავდა, ოპოზიციის და საზოგადოების პრობლემაც რომ გვაქვს? ეს ვართ, რაც ვართ და ვის და რას ვედავოთ, როცა შავი თეთრისგან ვერ გაგვირჩევია?“

  • "სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია სავსეა "ლუნატიკებით", რომლებიც მუდმივად ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი ატეხონ"

ნიკოლოზ მეტრეველი, ანალიტიკოსი:

"ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ სააკაშვილის ჰედონისტური ვოიაჟებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავს. პრემიერ-მინისტრს წლების განმავლობაში, გარდა მაღალი პოლიტიკური პოზიციებისა, სერიოზული თანამდებობები ეკავა კერძო სექტორში, მაგალითად, "ქართუ ჯგუფში“ და სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწადნახევარი ჩინური კომპანიის მრჩევლად იმუშავა. შესაბამისად, მან სრულიად ლეგალურად დააფინანსა საკუთარი მგზავრობა. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ამ მორიგ უნიჭო მცდელობას არავითარი შედეგი არ ექნება. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია სავსეა "ლუნატიკებით", რომლებიც მუდმივად ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი ატეხონ, რაც არასდროს გამოუდით და არც გამოუვათ. ახლა, ეტყობა, როდესაც დაინახეს "ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი, ბევრი აღარ უფიქრიათ და თქვეს, მოდი, ჩვენ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი დავიწყოთო, სულ ეს არის. ოპოზიციაში ვისაც ოდნვ საღი გონება შემორჩა, მინდა ვურჩიო: უკვე ძალიან ახლოს არის 2024 წლის არჩევნები და ურჩევნიათ ბევრად სერიოზულად მოემზადონ“.

  • გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

"ეჭვები არის რეალური, რომ აქ რაღაც არ არის წესრიგში. ჩვენ მაინც დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია - უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფალი არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციის უფლებით (ის ამით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან), ხალხის, ამომრჩევლის წინაშე ვალდებულია, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. უდანაშაულობა არ მტკიცდება ვიღაცეების გამოსვლებით და იმის ძახილით, რომ პრემიერი ანგელოზია. აქ სიტყვა არაფერს ნიშნავს, პრემიერს აქვს ვალდებულება, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით, დოკუმენტებით დაამტკიცოს თავისი სიმართლე...

იმპიჩმენტი, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტი შედეგამდე ვერ მივა? პროკურატურაც მოიწერება, გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არისო, ამიტომ პირდაპირ ბოლოში კი არ გადავხტეთ, ჯერ ეს საფუძველი უნდა გავაჩინოთ, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ - ჯერ მოვითხოვოთ დოკუმენტების გასაჯაროვება (რომლის დამალვის უფლება არ აქვს ხელისუფლებას, კანონით ვალდებულია გაასაჯაროოს) და თუ იქ საკმარისი საფუძველი იქნა, ამის შემდეგ, დამერწმუნეთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე პროკურატურაც ვეღარ იტყვის უარს. ხელისუფლება დოკუმენტაციას თუ არ გაასაჯაროებს, უკვე გვეცოდინება, რომ ის არღვევს კანონს და ამის შემდეგ მივდივართ სასამართლოში და სასამართლოს წესით ვითხოვთ ამ დოკუმენტებს. სასამართლოც თუ უკანონოდ მოიქცა, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა დაიწყოს მოქმედება და აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ვინაიდან კონსტიტუციითაა ეს ანგარიშვალდებულება გარანტირებული. ვიცით, რომ ხელისუფლება თუ კონსტიტუციური სივრციდან გადის, ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას და ამ შემთხვევაში საზოგადოებას აქვს უფლება, დასაჯოს ის ამა თუ იმ ფორმით. ესაა მთელი ალგორითმი".