ავტორი:

"პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ... რატომ გიკვირთ, რომ ჩვენ მშობლებს ჰქონდეთ შემოსავალი? ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობს, არ მუქთახორობენ" - ოდიშარია

"პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ... რატომ გიკვირთ, რომ ჩვენ მშობლებს ჰქონდეთ შემოსავალი? ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობს, არ მუქთახორობენ" - ოდიშარია

ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მამას შემოსავალი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის ჩარტერული ფრენა დააფინანსა.

ოდიშარიას თქმით, არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღარიბაშვილის დეკლარაცია ვადაზე ადრე გამოქვეყნდეს.

"რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას ან ჩვენ მშობლებს ან თქვენსას გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! ზოგიერთი ტელევიზიისგან გულისტკენაც კი მქონია - თურმე მამაჩემი, ადამიანი, რომელიც მგონი, პირველი არხის გახსნასაც კი დაესწრო, იქ მუშაობდა იმის გამო, რომ მე ვიყავი დეპუტატი. პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში, გავიგე, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია სხვათა შორის იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ და უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს უსამართლოდ, ათასი პასკვილები და ტყუილები აცხოთ, ხან დრონები აფრინოთ და ხან თავით შეუვარდეთ კერძო საკუთრებაში და წვეულებებზე. არავითარი თმენის ვალდებულება არ გვაქვს წერილობით, ესაა კეთილი ნება და მგონი, გითმენთ რაც კი შემიძლია, 8 წელია. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ, თქვენც გყავთ მშობლები, ისინიც განიცდიან, როცა კონფლიქტში შემოდის თქვენთან ვიღაც, ხომ? ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საქმიანობენ, შრომობენ, იმსახურებენ გარკვეულ გასამრჯელოს, აქვთ რაღაც შემოსავალი, არ აქვთ უფლება შვილს თუ შვილიშვილს ასეთ განსაკუთრებულ მომენტში მხარში დაუდგნენ?!” - განაცხადა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერ-მინისტრის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.