ავტორი:

"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ 25 აპრილს, სტამბოლში, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მისი დონორი მომღერალი გიორგი მახარაშვილი გახლავთ. ამ ეტაპზე ორივე თავს კარგად გრძნობს. დათო ევგენიძე ახლაც სტამბოლში იმყოფება, რადგანაც სარეაბილიტაციოდ გარკვეული ეტაპები კიდევ გასავლელი აქვს.

მას აქამდე ინტერვიუ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არავისთვის მიუცია. აღმოჩნდა, რომ ქართული ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან ambebi.ge პირველია, ვისაც ბატონი დათო გაესაუბრა. მუსიკოსს თურქეთში დავუკავშირდით.

- მოგიკითხავთ, როგორ ხართ?

- მთავარია, რომ გიორგი არის კარგად, ჩემი "მახარა"… საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე, მართლა უფალმა გადამარჩინა.

- ძალიან გგულშემატკივრობდით...

- ადამიანებისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი, რაც ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ სიყვარულმა ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა.

ასეთი რთული ოპერაციების შემდეგ, რეაბილიტაციას მინიმუმ 6-7 თვე სჭირდება.

წარმოიდგინეთ, სხვისი სხეულის ნაწილს გინერგავენ, მერე შენი ორგანიზმის იმუნიტეტი იმ უცხო სხეულს ებრძვის, ამისთვის საკუთარი იმუნიტეტის დასაქვეითებელ წამლებს იღებ. ეს სარისკოცაა, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ორგანიზმი დაუცველი რჩება. ამიტომ ადამიანებისგან იზოლირებაა საჭირო, რაც რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხე. მოკლედ, პირველი 7-8 თვე საკმაოდ მძიმეა. ინტერვიუც ამის გამო პირისპირ არავისთვის მიმიცია...

ამ ეტაპზე ნორმალურად ვარ, უბრალოდ, პატარა პროცედურული დისკომფორტებია, რომელიც გაივლის.

- გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაგეკეთებინათ?

- ეს გადაწყვეტილება მე საერთოდ არ მიმიღია, მიიღეს ჩემმა ცოლმა, "მახარამ" და სამეგობრომ. ჩამსვეს თვითმფრინავში და თურქეთში ჩამომიყვანეს. გამიკეთეს ოპერაცია, საერთოდ პატარა ბავშვივით ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს თავს რა ხდებოდა. გიორგი მახარაშვილი ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო.

- კარგია, რომ კარგად არის.

- დონორისთვის უფრო მარტივია, ვიდრე იმისთვის, ვისაც უნერგავენ, დონორს თავის ღვიძლი რჩება. მე ჩემი ღვიძლიდან არ მრჩება დონორის ნახევარი ღვიძლის ნახევარიც კი და ასე ვიწყებ ახალ ცხოვრებას, რადგანაც უცხო "სხეულია“ ჩემში. ვხუმრობ ხოლმე, რომ "მახარასავით" ფეხი გამეზარდა-მეთქი. მისი ფეხის ზომა 50-ია...

- როდესაც გაიგეთ, რომ ღვიძლის გადანერგვა გარდაუვალი იყო, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- ჩემი ბრალია, რომ თავი აქამდე მივიყვანე, შეიძლებოდა საერთოდ არ დამჭირვებოდა. ყველაფერი ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა. კონცერტი - ბანკეტი, კონცერტი - ბანკეტი, არ წყდებოდა... ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე, ასეც უნდა მომხდარიყო...

ისე, მანამდე ასეთი გამოცდილება მქონდა: დედაჩემის დასაფლავების დღეს, ნასვამ ტაქსის მძღოლს მანქანაში ჩავუჯექი. სახეზე შევხედე და საოცარი ლაქები შევნიშნე. რა გჭირს-მეთქი? - 5 წუთის გაცნობილ ადამიანს ასე პირდაპირ ვკითხე. ციროზი მაქვს ბოლო სტადიაში და 2 თვეში მოვკვდებიო. რას ნიშნავს 2 თვეში მოკვდები, არაფერია ამის საწინააღმდეგოდ-მეთქი? ერთადერთი, ღვიძლის გადანერგვაო. რადგან ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა, ვიფიქრე, ეს კაცი დედამ გამომიგზავნა-მეთქი. გამოვართვი ტელეფონის ნომერი, ბანკიდან სესხი ავიღე - 80.000 ლარი (დღესაც ვიხდი მაგ სესხსს). დონორიც ვუპოვე და გადავარჩინე. გადანერგვიდან 7 წელი იცხოვრა. სამწუხაროდ, შარშან კოვიდით გარდაიცვალა… ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს.

მერე ია ფარულავას გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც ფორმატიდან გამომდინარე, ჩემზე ინფორმაცია შეკრიბეს. ფბ-ზე იმ კაცის დედის სტატუსები უნახავთ, - დათო ევგენიძემ შვილი გადამირჩინაო. მერე ის ადამიანი ვიდეოთი გადაცემაში ჩამირთეს...

- საოცარი საქციელია და ასეთ ნაბიჯის გადადგმას ყველა ვერ შეძლებს... თქვენს ჯანმრთელობას რომ დავუბრუნდეთ, საბოლოოდ, პრობლემა ადვილად დაიძლია?

- ოპერაცია 17 საათს მიმდინარეობდა. ვერც ვხვდები, რა გადავიტანე. 17 საათი მეძინა, "მახარას" - 7 საათი. თურქმა ექიმმა მითხრა, შენს ოპერაციაზე ღმერთი იყო ჩემთან, რომ გაგჭერი, რაც კატეზე მქონდა ნანახი, ბევრად უარესი სურათი დამხვდაო. არცერთი ღვიძლის სადინარი ღია არ იყო, ყველა ჩაკეტილი გქონდაო...

- ადამიანი, რომელიც გვერდიდან არ მოგცილდათ, რომელმაც ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გადაიტანა, ეს თქვენი მეუღლეა...

- ნინო რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ნინომ მაჩუქა სიცოცხლე გლობალურად, მახარამ კი - კონკრეტულად. ყველაფერი რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ უფლის ნება იყო.

- 30 წლის რომ იყოთ და ეს გამოცდილება გქონდეთ, ისევე იცხოვრებდით, როგორც აქამდე?

- ისეთ ასაკში მივიღე პირველი ტკივილები, რომ ძალიან პატარა უკვე უფალთან ვიყავი. 17 წლისას 16 წლის და დამეღუპა. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება დამაქვს. მერე გარშემო ადამიანები, მეგობრები წავიდნენ - ჩემი გეგა კობახიძე, ჩემი ირაკლი ჩარკვიანი, ერეკლე ბადურაშვილი, გიო ხუციშვილი, თავგასა... რაღაცნაირი თაობა ვიყავით, თავისუფლების მოყვარული... მეგობარი არ დამრჩა...

- თავისუფლება ახსენეთ და თქვენი ბენდენაც ამის გამოძახილია, ხომ?

- ბენდენა თავზე 1976 წელს, მე-9 კლასში გავიკეთე. ფოტოც მაქვს გეგა კობახიძესთან ერთად მაგ დროს გადაღებული. ბენდენის გამო ქუჩაში ძველ ბიჭებთან სულ ჩხუბი მქონდა... ის დღეს ჩემი ნაწილია, სხვანაირად არც შემიძლია, ერთ-ერთი ატრიბუტია, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.

- საჩუქრად იღებთ ხოლმე ბენდენას თუ თავად იძენთ?

- ძირითადად, მე ვჩუქნი ხოლმე ბენდენებს სხვებს, ყველანაირ ბენდენას ვერ ვიკეთებ. სულ რომ თავზე მაქვს, ასეთ დროს ხარისხს მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე რომ, ჩვენთან პირველმა გავიკეთე ბენდენა და ასევე პირველმა - საყურე. ამის გამო ბევრი კონფლიქტი მქონია, მაგრამ მერე ამ გამბედაობისთვის ძველი ბიჭებიც პატივისცემით მიყურებდნენ.

- ამდენი ხანია თურქეთში ხართ, ალბათ მოგენატრათ თბილისი?

- ვგიჟდები საქართველოზე, მომენატრა თბილისი ძალიან. უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა გადარჩება. მშვიდობა და ჯანმრთელობა მინდა საქართველოს ვუსურვო. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, წელს საიუბილეო წელი მაქვს - 50 წელი სცენაზე, ანუ 50 წელი პირველი საავტორო კონცერტიდან და 2 დეკემბერს 65 წლის ვხდები. 2024 წელიც საიუბილეო იქნება... კი, პირველი საავტორო კონცერტი 15 წლისას მქონდა. დავით თორაძემ და მორის ფოცხიშვილმა წარმადგინეს. მე-8 კლასში ვიყავი, ხელოვნების სახლში 24 ნაწარმოები წარმოვადგინე. მანამდე 6 წლიდან სცენაზე ვარ... ჯერ არ მქონია, ჩემი სიმღერების ცალკე საღამო. აუცილებლად გავაკეთებ ერთ საიუბილეო კონცერტს ფილარმონიაში. მაგრამ, როგორც ვთქვი, ბევრი რამ დამოკიდებულია ჩემს ჯანმრთელობაზე.