ოკუპირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მოქმედებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კილენ-ბალკას რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში მინიმუმ 7 აფეთქების ხმა გაისმა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს.
დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად "სევმორზავოდში" ხანძარი გაჩნდა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 24 ადამიანი.
"სევმორზავოდი" არის სევასტოპოლის სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელი ქარხანა, სადაც აგებენ და არემონტებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.