ავტორი:

"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?

"რატომ გადავიდა აფხაზი აჭარაში და რატომ გახსნა აფხაზური კულტურის ცენტრის იქ? ეს შიდა პროექტი მგონია" - აფხაზების გამოხმაურებები როლანდ აჟიბას ინიციატივაზე?

აჭარაში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნას, ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ინტერესი მოჰყვა. მით უფრო, რომ ცენტრის გახსნის ინიციატორი, აფხაზეთიდან საცხოვრებლად აჭარაში გადასული, როლანდ აჟიბა იყო, რომელიც ორივე რეგიონში პოპულარობით სარგებლობს.

  • იდეის ავტორების თქმით, აფხაზური კულტურის ცენტრის მიზანი, აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ნდობის აღდგენა და ერთობლივი სამშვიდობო ღონისძიებების გამართვაა.

როლანდ აჟიბას თქმით, მსგავსი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა, რადგან დიდი ხანია მისი შექმნის სურვილი არსებობს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხორციელდებოდა.

"ვიცი, რომ აჭარაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს, არ მინდა, რომ ისინი უბრალოდ არსებობდნენ, მინდა განვითარდნენ, ჰქონდეთ იდეები და პროექტები, რომელთაც ერთობლივად განვახორციელებთ" - ამბობს აჟიბა.

ადგილობრივების ნაწილი ekhokavkaza.com-ის კორესპონდენტთან საუბარში აცხადებენ, რომ კულტურის ცენტრის გახსნაში ცუდი არაფერია, თუმცა როდესაც ინიციატივის ავტორი აფხაზეთიდან აჭარაში საცხოვრებლად გადასული აფხაზია, ეს კითხვებს აჩენს...

"საქართველო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა და ამ სიტუაციაში აფხაზური კულტურის ცენტრის გახსნის აზრს ვერ ვხედავ. ეს შიდა პროექტი მგონია, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ისახავს მიზნად - თქვენ არ უფრთხილდებით თქვენს ენას, ჩვენი კი, თქვენზე ვზრუნავთო. უფრო ანტი აფხაზური პროექტი მგონია, რათა საზოგადოებაში დაიწყოს განხილვები ვინ უჭერს მხარს ამ პროექტს და ვინ არა, დაიწყოს განხილვები, გვჭირდება თუ არა... ვფიქრობ, ამ ინიციატივას ძალზე მკაფიოდ განსაზღვრული გეგმები ახლავს თან" - ამბობს ადგილობრივი დენის სოლომკო.

კიდევ ერთი აფხაზის, ლუდმილა საღარიას თქმით, ცენტრის გახსნაში ცუდი არაფერია, რადგან მსგავსი ცენტრები არსებობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, კანადასა და ამერიკაში.

"თუმცა, აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა, რატომ გადავიდა აფხაზი იქით? და რატომ გახდა ის ამის ინიციატორი. თავად დიასპორას რომ გაეკეთებინა ამის ორგანიზება, სხვა საქმეა... დამაინტერესა და ინტერნეტში ვუყურე, ქართულად საუბრობდნენ. საინტერესოა, რამდენი აფხაზი ცხოვრობს იქ, რამდენადაც ვიცი, რეგიონის 0,4-ს შეადგენენ, ანუ დაახლოებით ათას ადამიანზეა საუბარი და დავიჯერო, ისინი იყვნენ ინიციატორები?" - ამბობს საღარია.

დამოუკიდებელი აფხაზი ჟურნალისტის, ნიზფა არშბას თქმით, საქმე ის არის, რომ ყველაფერი ძალიან დახურულ ფორმატში წარიმართა და ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც აფხაზურ საზოგადოებაში გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, სინამდვილეში, ჩვეულებრივი, სამამულო ომის ვეტერანია.