ავტორი:

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ბაიდას სამედიცინო ცენტრის დირექტორი, აბდულ რაჰიმ მაზიკი ავრცელებს. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენას დრო დასჭირდება. 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს" - განაცხადა აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა და აღნიშნა, რომ რეკონსტრუქცია მილიარდობით დოლარი დაჯდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თქმით, მინიმუმ 30,000 ადამიანს ქალაქ დერნადან იძულებით გადაადგილება მოუწია. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ასობით ცხედარი მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. დერნას მაცხოვრებლები ასევე ახალი საველე საავადმყოფოს შექმნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო „მორგად“ გადაიქცა.

ქვეყანაში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტი გაჩნდა. ზარალის შეფასების ტექნიკური კომიტეტის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად განადგურებული ტერიტორია 90 ჰექტარს მოიცავს. წყალდიდობამ სრულიად გაანადგურა 5 ხიდი.

ლიბიაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე. სატვირთო მანქანები და სამედიცინო პერსონალი იგზავნება დასავლეთიდანაც.

შეგახსენებთ, ძლიერი წყალდიდობა ქარიშხალმა "დანიელმა“ გამოიწვია.