ავტორი:

"უზარმაზარი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში ბზარი აღმოაჩინეს... ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს, მას 1 თვე მაინც დასჭირდება სხვა ცენტრთან შესაგუებლად" - მშობელი

"უზარმაზარი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში ბზარი აღმოაჩინეს... ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს, მას 1 თვე მაინც დასჭირდება სხვა ცენტრთან შესაგუებლად" - მშობელი

დღეს თეატრმცოდნე გვანცა გულიაშვილმა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის დედაა, ფეისბუკში ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა. ის საზოგადოების დახმარებას ითხოვს:

"შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის (საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე) დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე.... მე ვიცი, რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში, ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ. ვიცი, რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით“.

საკითხის უკეთ გასარკვევად, AMBEBI.GE გვანცა გულიაშვილს ესაუბრა:

"ილიაუნის საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზეა საუბარი. დღეს 2 საათზე თერაპევტებისგან მოგვივიდა მესიჯი, რომ ვიხურებით. 1 თვე არდადეგები გვქონდა, ხვალ 12 საათზე ოფიციალურად იწყებოდა სესიები, უკვე ცხრილები გვქონდა მიღებული და დანარჩენი აქტივობები - დაგეგმილი, რაც ამ სპექტრის ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. დროის გადანაწილება ასე მარტივად არ ხდება. ასე, ცამოწმენდილზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფორსმაჟორია და ვიხურებით. თურმე სამხარაულს უკვე სამი ექსპერტიზა ჩაუტარებია ( ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანია ეს იციან). ისიც გასარკვევია, ნამდვილად დასანგრევია, თუ არა ეს შენობა. მე ჩემი პირადი და კონკრეტული ინტერესი მაქვს, ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს. სულაც ხვალ რომ გამომიძებნონ ცენტრი, ჩათვალეთ, რომ ამ ცენტრის გადაწყობას სხვა შენობაში 1 თვე დასჭირდება. ცენტრში 280 აუტისზმის სპექტრის ბავშვია, ეს ერთი თვე ამ ბავშვებისთვის არის აუნაზღაურებელი ერთი თვე. არაფერს გვეუბნებიან, არც რამეს გვპირდებიან - აბსოლუტურად არავინ არაფერს გვეუბნება, ერთი დამაიმედებელი სიტყვაც არ უთქვამთ, საერთოდ არავინ გამოდის კონტაქტზე. ის მაინც მითხრან, აიღე ეგ სტატუსი და ხვალ აქა და აქ გიშვებთო.

თვითონ ცენტრის ხელმძღვანელობამაც არაფერი იცის... ეს ხდება ისეთ დროს, როცა ყველა სხვა ცენტრი ისე გადატვირთულია, ვერაფერს გავხდი - ეგრევე რეკვა დავიწყე, ისიც ვუთხარი, მიუხედავად იმისა, დაფინანსება მიღებული მაქვს, საათში 35 ლარს გადავიხდიდი-მეთქი (საჭიროა მინიმუმ 20 საათი) და იმდენად გადავსებულია სხვა ცენტრები, ამაზეც კი ვერ დამთანხმდნენ. ჯერ კიდევ როდის ვლაპარაკობდით ცენტრების დეფიციტზე და იმის მაგივრად, ამაზე ემუშავათ, ცენტრს გვიხურავენ, თან ისე, რომ ნაზრუნი არ აქვთ, ამდენი ბავშვი სად განთავსდება. ისიც იცოდეთ, რომ ამ ბავშვებს მინიმუმ 2 თვე მაინც დასჭირდებათ ახალ მისამართზე შეგუება (რომც შეეცვალათ). ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? არანაირი კომუნიკაცია, არანაირი პასუხი, არაფერი ხდება და ვიცით მხოლოდ ის, რომ სამხარაულის ბიურომ მესამე გადამოწმებით დაწერა - უნდა დაინგრეს.

ამ საკითხის მეორე მხარეცაა - ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება ებრძვის ილიაუნს. მე პირადად, ერთი მოქალაქე გულიაშვილი, გამოვთქვამ საფუძვლიან ეჭვს და ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ასე უბრალოდ შევიდა სამხარაული და გადაწყვიტა შენობის დანგრევა. ის უზარმაზარი მთელი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში დიდი ბზარი აღმოაჩინეს. გეგმიური შემოწმების დროს, რომელიც ყველა სასწავლო დაწესებულებას უტარდება ზაფხულში, აღმოაჩინეს დიდი ზომის ბზარი, სამხარაულმა დაიწყო მოკვლევა და დადო დასკვნა, რომ შენობა იმდენად ავარიულია, მისი ექსპლოატაცია შეუძლებელია. როდესაც ჩვენი ცენტრის ადმინისტრაციამ ილიაუნს სთხოვა, სადაც წახვალთ, იქ წაგვიყვანეთო, მის ადმინისტრაციაში ისეთი დაბნეულობაა, შესაძლოა ლიცენზიის ჩამორთმევამდე მივიდეს საქმე.

ყველა ვხვდებით, რომ აქ მხოლოდ შენობის პრობლემასთან არ გვაქვს საქმე - უნივერსიტეტს ებრძვიან, ამ ბრძოლაში მოვყევით ჩვენც და არის ნული გათვალისწინება იმისა, ეს რამდენად მძიმე შედეგების მომტანია ჩვენს შემთხვევაში. ჩემი მეორე შვილი ილიაუნის სტუდენტია, ან სტუდენტებს სად წაიყვანენ? ფაქტი არის მხოლოდ ის, რომ მივიღეთ მესიჯი, რომ დაიხურა ცენტრი, დანარჩენი არავინ არაფერი ვიცით. ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა, ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს“.