ბენქსიზე გესაუბრებით, ჩვენი დროის უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ურბანულ მხატვარზე, შემოქმედზე, რომლის ნამუშევრებიც უფრო მეტია, ვიდრე ე.წ. სთრით არტი, რომლის ნამუშევრებიც "მეტყველებენ“.
მხატვარი, აქტივისტი, ფილანტროპი, ხელოვანი, რომელიც თითოეული ნამუშევრით რეზონანსს იწვევს - ყველა ამ სტატუსით შეგვიძლია დავახასიათოთ ერთი უნიკალური შემოქმედი, ჩვენი დროის ყველაზე გახმაურებული და იდუმალი პარტიზანი მხატვარი. მთავარია, თქვენ, საზოგადოება ვის ხედავს მასში, როგორ ხედავთ მის შემოქმედებას.
ბენქსის "სთრით არტი“ აღფრთოვანებას იწვევს არა მხოლოდ იმ ტექნიკის გამო, რომლითაც ქმნის მათ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიზუალურად მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ ყველა ნამუშევარს აქვს კონკრეტული მიზანი, კონკრეტული სათქმელი, ის თითქმის ყოველთვის ეხმიანება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.
მის ნამუშევრებს შეგვიძლია შევხედოთ როგორც აქტივიზმს, პროტესტს, ზოგ შემთხვევაში კი მხარდაჭერას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ.
ბენქსი ბრიტანელი გრაფიტის მხატვრის ფსევდონიმია. ის ბრისტოლიდანაა. მისი ნამუშევრები განფენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში შენობების კედლებზე, ფასადებზე - ლონდონიდან ნიუ იორკამდე და იამაკიდან ღაზას სექტორამდე.
მის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთი თეორია არსებობს. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესი დიდია და ადამიანები, მედია მუდმივად ცდილობს ამოხსნას "ბენქსის საიდუმლო". ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ის არის მხატვარი, სახელად რობინ განინგჰემი, რომელიც 1973 წელს, ბრისტოლის გარეუბანში დაიბადა. რობინის კლასელები, ნაცნობები ამბობენ, რომ სჯერათ, ბენქსი სწორედ ეს ადამიანია, რადგან ადრეული ასაკიდანვე ნიჭიერი ილუსტრატორი იყო და ხშირად ხატავდა სხვადასხვა ანიმაციებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში. ბენქსიმ კი ერთ-ერთ ანონიმურ ინტერვიუში დაადასტურა რომ ხატვისადმი მისი ინტერესი სკოლის პერიოდიდან გამოვლინდა. ამ თეორიის შესახებ არც ბენქსის წარმომადგენლებს არც განინგჰემს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ - არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, რეალურად ბენქსი არის რობერტ დელ ნაჯა. ნაჯა ბრისტოლელი გრაფიტის არტისტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოპულარული ჯგუფის, Massive Attack-ის წევრია და მისი სტილი თითქოს ჰგავს ბენქსისას, თუმცა ნაჯამ საჯაროდ უარყო და თქვა, რომ ბენქსი ის არ არის.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ბენქსი ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, Gorillaz-ის დამფუძნებელი, ჯეიმი ჰიულეტია. ჰიულეტის მიერ შექმნილი ანიმაციები ჯგუფის ვიდეორგოლებში გამოიყენებოდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ეჭვს და საზოგადოების ნაწილს სჯეროდა, რომ ბენქსი სწორედ ის იყო, თუმცა ბენქსის წარმომადგენელმა ეს საჯაროდ უარყო.
ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ბენქსი შემოქმედთა ჯგუფია, რომლის წევრებიც მთელ მსოფლიოში არიან და ეს თეორია შესაძლოა, ყველაზე სარწმუნო ყოფილყო, რომ არა ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. მის ყველა ნამუშევარში მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებული ხელწერაა და ხელოვნების ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რთული წარმოსადგენია, რამდენიმე ადამიანი ქმნიდეს ნამუშევრებს ზუსტად ერთნაირი ხელწერით.
პირველად ბენქსის ქუჩის მხატვრობა 1990-იანი წლების დასაწყისში, ბრისტოლში გამოჩნდა. ე.წ. სთრით არტი და გრაფიტი კრიმინალად მიიჩნევა ამიტომ, შემოქმედების საწყის ეტაპზე ანონიმად რჩებოდა, რათა პრობლემები არ შექმნოდა. ახლა კი, როცა არც საფრთხე ემუქრება და ყველას სურს მისი ვინაობის გაგება, მაინც ანონიმად დარჩენას ამჯობინებს. მიიჩნევენ, რომ სურს, აქცენტი კეთდებოდეს არა ვინაობაზე, არამედ შემოქმედებაზე.
ბენქსის ხელოვნება შთაგონებულია პოლიტიკური, სოციალური თემატიკით. ნამუშევრები ეხმიანება ყველაფერს - ომის აბსურდულობას, პოლიციის სისასტიკეს, სოციალურ უთანასწორობას, პოლიტიკურ დაძაბულობას, კლიმატის ცვლილებებს, კონსუმერიზმს, ადამიანის და ცხოველთა უფლებების საკითხს და ა.შ. და გაჟღენთილია სატირით.
შემოქმედების ადრეულ ეტაპზე გრაფიტის ფრანგი ოსტატის, Blek le Rat-ის გავლენას განიცდიდა და ამის გამო, ადრე, ამ ორის ნამუშევრები ერთმანეთში ერეოდათ ხოლმე. თუმცა ახლა მას მკვეთრად გამოხატული საკუთარი სტილი აქვს და ნამუშევრის შეხედვისას, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ბენქსია.
ის მხოლოდ ქუჩის მხატვრობით არ შემოიფარგლება.ასევე ქმნის ფერწერულ ტილოებს და ინსტალაციებს. ნამუშევრები კი მილიონებად იყიდება.
მხატვარმა ნამუშევარი რამდენჯერმე გამოიყენა სხვადასხვა საკითხის გასაპროტესტებლად, იმის საჩვენებლად, თუ რა სასტიკია ომი და როგორ ართმევს სიხარულს ბავშვებს. ამ ნამუშევრით გამოეხმაურა, როგორც სირიელი ლტოლვილების კრიზისს, ასევე ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ ვითარებას. საბოლოო ჯამში, არაერთი ისეთი აქტივობისთვის გამოიყენა, რომელიც წართმეულ ბედნიერებას, სიცოცხლეს და სიცოცხლის სიყვარულს ეძღვნებოდა.

სოთბის აუქციონზე ბენქსის მიერ შექმნილი ეს ნამუშევარი 1.4 მლნ ფუნტად გაიყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე წუთში ნახატმა "თვითგანადგურება“ დაიწყო - როგორც გაირკვა ჩარჩოში ბენქსის მიერ შრედერი (ანადგურებს ქაღალდს) იყო მოთავსებული. აუქციონის ორგანიზატორების თქმით, მათ არ იცოდნენ ამის შესახებ. მიიჩნევენ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი იყო ხელოვანის მხრიდან იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ნახატებში დიდ თანხას იხდიან მაშინ, როცა სამყაროში ბევრი პრობლემა არსებობს.

ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ, ნახევრად დაზიანებული ნახატი ანონიმურმა მყიდველმა აუქციონზე გაიტანა. 9 პრეტენდენტი 10 წუთის განმავლობაში იბრძოდა მის მისაძენად და საბოლოოდ, 25.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
Turf War - ასე ჰქვია ნამუშევარს, სადაც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მეორე მსფლიო ომის პერიოდის ლიდერის, უინსტონ ჩერჩილის ცნობილ პორტრეტს ვხედავთ მწვანე ფერის ე.წ მოჰაკით, რაც ინდიელთა ტომის ბელადისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობაა.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, უინსტონ ჩერჩილი ისტორიას ახსოვს, როგორც ომის პერიოდში ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მაგრამ იშვიათად საუბრობენ მის დამოკიდებულებაზე კოლონიალიზმის თვალსაზრისით.

ბენქსიმ გამოიყენა იუსუფ კარშის მიერ 1941 წელს გადაღებული ცნობილი ფოტო. ეს ფოტო მიიჩნევა ჩერჩილის ლიდერობის და მისი გავლენის სიმბოლოდ მეორე მსოფლიო ომში, თუმცა ბენქსის ნამუშევარი არ ემსახურებოდა ჩერჩილის დიდებას და მისთვის ხოტბის შესახმას. ამით ხელოვანმა დაგმო მუდმივი ბრძოლა საზღვრებისა და ტერიტორეიებისთვის, მუდივი ომი გავლენისთვის, რაც რა უდიდეს ფასად უჯდებათ უდანაშაულო ადამიანებს, მშვიდობიან მოქალაქეებს.
ნამუშევრის სახელიც Turf War, ანუ მწვავე ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის, ტერიტორიებისთვის, შეგვიძლია მივიჩნიოთ მხატვრის პროტესტად და ჩერჩილის კრიტიკად, მინიშნებად, რომ გასული საუკუნის ლიდერს, რომელსაც ეთაყვანებიან დიდი მადა ჰქონდა ტერიტორიების შეერთების და რომ ეს უამრავ უდანაშაულო ადამიანს აგდებდა განსაცდელში
მხატვარმა ომის შედეგად დაზიანებული არაერთი შენობის კედელი მოხატა. ერთ-ერთი ასეთი კედელი ქალაქ ბოროდიანკაშია. მასზე ასახულია ორთაბრძოლა ძიუდოში. მამაკაცს, რომელიც ვლადიმერ პუტინს ჰგავს, მოწინააღმდეგე, პატარა ბიჭი ამარცხებს. მოგვიანებით, უკრაინამ საფოსტო მარკები გამოუშვა, რომელზეც სწორედ ბენქსის ეს ნამუშევარი დაიტანეს.

მანამდე, კოვიდ პანდემიის დროს, ბენქსიმ არაერთი "სთრით არტ“ ნამუშევარი შექმნა და მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რეზონანსული აღმოჩნდა ნახატი, რომელიც ექიმებს, მედდებს და მათ მიერ გაწეულ შრომას მიუძღვნა. ნახატზე ვხედავთ ბიჭუნას, რომლის სუპერგმირიც ექიმია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბენქსის ნამუშევრები საზოგადოებაში არსებულ მწვავე პრობლემებს ეხმიანება, ის მასშტაბურია და მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებთანაა ახლოს. ამიტომაც, როცა მისი ნახატები ქალაქიდან ქალაქში "მოგზაურობს", ინტერესი უდიდესია. ამჯერად, ბენქსის შემოქმედებას გლაზგო მასპინძლობს. გამოფენის ბილეთები კი გაყიდვაში ჩაშვებიდან რამდენიმე საათში ამოიწურა.
ბენქსის გამოფენების მიმართ მსოფლიოში უდიდესი ინტერესია, ყველა ქალაქში სადაც კი მისი ნამუშევრების გამოფენა იმართება, ბილეთებზე დიდი მოთხოვნა და რიგებია,
ეს ფაქტი კი უკვე აღარავის აკვირვებს, რადგან, ბენქსი მხატვარია, რომლის ყოველი ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს, რომ ნიჭს და შემოქმედებით ბუნებას უბრალოდ არ აქვს საზღვრები.
(R)